weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2021

ნამახვანჰესზე მთავრობასა და აქტივისტებს შორის შეხვედრა 12 მარტს გაიმართება

20:18 პარასკევი, 05 მარტი 2021 hits 188

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 12 მარტს, პარასკევს გაიმართება. ამის თაობაზე შეთანხმება დღეს სოფელ ნამოხვანში შედგა, სადაც ადგილობრივებს გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრები შეხვდნენ.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ნამახვანჰესთან მიმართებაში თავის პოზიციას არ შეცვლის, 14 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა ორ ნაწილად გაიყოფა და იმსჯელებენ როგორც სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, ისე ჰესის ტექნიკურ მხარეზე.

„გეთანხმებით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ულტიმატუმებით დაწყებული დიალოგი ვერასდროს მივა კარგ შედეგამდე. თქვენი მოსაზრებაა, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, ჩვენ კი დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა და უნდა აშენდეს. გადავდოთ გვერდზე ეს უკიდურესობა. თქვენ განსაზღვრეთ დღის წესრიგი. რადგან თვლით, რომ ხელშეკრულებაა თქვენთვის ყველაზე პრინციპული საკითხი და ყველა პუნქტი უნდა განიმარტოს, ჩვენც მოგყვებით ამაში და დავიწყოთ ხელშეკრულებით. თუმცა, ვიცით, რომ ერთ-ერთი წუხილის სფერო არის თვითონ პროექტის ტექნიკური დაცულობა და გარემოსდაცვითი საკითხები. ორ ბლოკად გავაკეთოთ. ჩათვალეთ, რომ ყველაფერს გადავდებთ და ამ საკითხებზე ვიქნებით მიმართულები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ადგილობრივებთან შეხვედრისას.

თურნავა დაეთანხმა ვარლამ გოლეთიანის წინადადებას დიალოგის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მივუბრუნდებით კომპანიას და ვთხოვთ ამის გაკეთებას, რადგან მართლაც, სწორი იქნება ალბათ, რომ არა ტექნიკის გუგუნის ფონზე, არამედ მშვიდ ვითარებაში შევხვდეთ და ვისაუბროთ.

მერე კი, გვაქვს იმედი, რომ ჩვენ ჩვენს არგუმენტებს ისე მოგაწვდით, რომ თქვენც დაინახავთ, რომ პროექტი ამ ფორმით არ არის საფრთხის მომტანი. ასევე არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ახალი დაწყებულია პროექტი და ბევრი რაღაც შევცვალოთ, თქვენი ჩართულობის კუთხითაც, კვლევების გაძლიერების კუთხითაც, ხეობის წინაშე ინვესტორის პასუხისმგებლობის კუთხითაც და სახელმწიფო ინტერესების დაცვის უფრო მკაფიო მექანიზმების კუთხითაც“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. აქციის შემდეგ შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

გუშინ, 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილს და ეკონომიკის მინისტრ ნათელა თურნავას მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დაავლა. ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის კითხვებს მინისტრებმაც უპასუხონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]