weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2021

მსგავსი რამ კომუნისტების დროიდან არ მომხდარა – ჯაღმაიძე მარტვილის ინციდენტზე

22:32 ორშაბათი, 08 მარტი 2021 hits 198

„ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნას. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ თანამედროვე ეპოქაში არცერთ ეკლესიას არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა, ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდისა“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც დეკანოზმა თქვა, მრევლის პროტესტი რეზიდენციაში შეჭრას არ ამართლებს.

„ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით. ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის აქვს უფლება ნებართვის გარეშე შესვლისა. მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა ამ კრებაზე. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება სასულიერო პირებთან, დამსწრეების გარეშე.

ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ჟურნალისტებს. იქ ძალიან ვიწყო აივანია და ბევრი ხალხი იყო ასული. იქ საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანსა და კრების დარბაზს. იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ჟურნალისტები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ჭონდიდის ეპარქიაში დღეს დახურული სხდომა გაიმართა, სადაც მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირებს შეხვდა. პარალელურად, რეზიდენციის ეზოში შეიკრიბნენ მრევლს წევრები და სასულიერო პირები, რომლებიც აპროტესტებენ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას, ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერების შესახებ.

განვითარებულ მოვლენებს აშუქებდნენ ჟურნალისტები. მათ, ისევე როგორც მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილი ადამიანებს, დახურულ შეხვედრაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დაპირისპირების დროს, რეზიდენციის მეორე სართულის ხის მოაჯირი მოწყდა და იქ მყოფი ადამიანები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადაცვივდნენ. დაშავებულების შორის ექვსი ჟურნალისტია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მომხდარზე პასუხისმგებლობას მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილს აკისრებს. მისი თქმით, ვითარების დაძაბვას ხელი ჟურნალისტებმა შეუწყვეს.

მიტროპოლიტი სტეფანე, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას ხელმძღვანელობდა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, თებერვალში ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დანიშნეს და ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეპარქიაც დაუქვემდებარეს.

ადგილობრივი მრევლის ნაწილი ითხოვს მეუფე ტეფანემ ეპარქია დატოვოს და საპატრიარქომ მმართველად კვლავ პეტრე ცაავა დააბრუნოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]