weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ბაჩალიაშვილის საქმეზე ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენებისთვის მარი შარაშიძეს ბრალი წარუდგინეს

17:28 პარასკევი, 12 მარტი 2021

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების მუხლებით 21 წლის მარი შარაშიძეს ბრალი წარუდგინა. ქალი აცხადებდა, რომ ბაჩალიაშვილთან მიმოწერა ჰქონდა და ის გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა.

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნებით და ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ბრალდებულ მარი შარაშიძეს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, კერძოდ, მ.შ.-ს სარგებლობაში არსებული სოციალური ქსელის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მ.შ.-მ 2021 წლის 2 იანვარს, მის სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ Facebook-ის პროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა „meleq elcin uslu“-ს სახელით შეუცვალა მომხმარებლის დასახელება, დაარეგისტრირა როგორც „tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტ სივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო.

აღნიშნულის შემდგომ მიმოწერა განახორციელა საკუთარ Facebook პროფილთან, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში „მარი შარაშიძის“ სახელით, რის შედეგადაც დაამზადა Facebook-ის messenger-ით განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი ყალბი ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო ვითომდა ბრალდებულსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერა“, – განაცადა პროკურორმა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა მედიასაშუალებით გაასაჯაროვეს ე.წ. „სქრინშოტები“, რაც თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მარი შარაშიძეს შორის თითქოსდა სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას ასაავდა.

„აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება“, – აღნიშნა პროკურორმა.

დავით გუმბერიძის განცხადებით, მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების პროცესში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მოსამართლემ მარი შარაშიძე გააფრთხილა ცრუ ჩვენებს მიცემისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა ამის მიუხედავად, მან გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა მას ჰქონდა სოციალურ ქსელ Facebook-ის messenger-ით ურთიერთობა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან.

მარი შარაშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც აკლებად მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციას და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. დანაშაული ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]