weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახალციხელი ექიმები უარყოფენ, რომ 27 წლის ექთანს დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს

14:53 შაბათი, 20 მარტი 2021
ფოტოზე - მეგი ბაქრაძე აცრის დროს ფოტოზე - მეგი ბაქრაძე აცრის დროს

ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს, კლინიკა „იმედის“ ექიმებმა დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. გარდაცვილის მამა ფიქრობს, რომ ექიმები დაიბნენ და მზად არ იყვნენ აცრის შემდგომი გართულებისთვის. მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკათი ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკით რეანიმაციაში მოხვდა.

„ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა - ან ყველას, ან არავის - წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვებდა სამსახურს. 120%-იანია, რომ ექიმები დაიბნენ და ვერაფერი გააკეთეს, შეეშინდათ. შეიძლება არც ჰქონდათ ადრენალინი და არ იყვნენ მზად მისი გაკეთებისთვის. ახალციხეში უკვე გარდაცვლილი იყო“, – ამბობს ვეფხია ბაქრაძე.

„იმედის“ კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი ამბობს, რომ მეგი ბაქრაძეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და ადრენალინი „ჩივილის თქმიდან წამებში“ გაუკეთეს.

„ვაქცინაციიდან დაახლოებით 35-30 წუთის შემდეგ დაეწყო მსუბუქი ჩივილები. კანის წვა, ქავილი. ამას მოჰყვა გონების კარგვა. ადგილზე გამოძახებული იქნა რეანიმატოლოგი, რომელიც ერთ წუთში ჩამოდის. ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, გადაყვანილი იქნა მართვის სუნთქვაზე და მოთავსებული იქნა რეანიმაციაში.

ადრენალინი გავუკეთეთ ჩივილის თქმიდან წამებში, რადგან გამზადებული შპრიცით დევს. პროტოკოლით მოწოდებულია, ანტიშოკური ტუმბო იმუნიზაციის ოთახში დგას. წამებში გაკეთდა ყველაფერი“, – განაცხადა მზია კაკოშვილმა „მეცხრე არხთან“.

მეგი ბაქრაძეს ადრენალინი იმუნიზაციის ჯგუფის წევრმა და ამბულატორიული სამსახურის გამგემ, ვიოლეტა ინასარიძემ გაუკეთა. ისიც ადასტურებს, რომ წინასწარ გამზადებული შპრიცით 0.5 გრამი ადრენალინი წამებში გაკეთდა.

„20-25 წუთში შეუძლოდ გახდა. მითხრა თუ არა, წამებში გავუკეთე ადრენალინი. ვერ ვიტყვი, ისე ცუდად იყო, რომ მაშინვე რაღაც ესაჭიროებოდა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით გავუკეთეთ კათეტერი და ჩატარდა დესენსიბილიზაციის პრეპარატები: დიმედროლი, სუპრასტინი. სადღაც 5 წუთში უკეთ იგრძნო თავი, თითქოს დამშვიდდა და დაწყნარდა. დავაწვინეთ მონიტორზე ყველაფერი გაესინჯა, ყველაფერი ქონდა ნორმალურად, არანაირი გადახრა. უცბად იგრძნო ძლიერი თავის ტკივილი. წამებში დავუძახეთ რეანიმატოლოგს, რეანიმაცია მეორე სართულზეა და წამებში გაჩნდა გიორგი ჩვენთან. ღებინება და კრუნჩხვა დაეწყო. სუპრასტინი, დიმედროლი, დექსამეტაზონი - ეს რაც ჩემს ხელში გაკეთდა. როცა კრუნჩხვა დაფიქსირდა მაშინვე გაუკეთდა დიაზეპამი და შემოვიდა რანიმატოლოგიც მაგ დროს. წამებში გაკეთდა ინტუბაცია. როცა ანაფილაქსია ხდება, ინტუბაცის გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ მოასწრო ბიჭმა და ეს წამებში გააკეთა“, – ამბობს ვიოლეტა ინასარიძე.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე იმუნიზაციის ჯგუფის წევრებმა სპეციალური მომზადება გაიარეს და მათთვიც ცნობილია, როგორ უნდა მოიქცნენ თუ აცრის შემდეგ ანაფილაქცია განვითარდება.

მეგი ბაქრაძე ვაქცინაციიდან დაახლოებით 24 საათში, 19 მარტს, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ასეთი გვერდითი მოვლენის დაფიქსირების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ გამოყენება გაგრძელდა. ჯანდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი სტატისტკით, დიდ ბრიტანეთში 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე ანაფილაქსიური შოკის 41 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან არცერთი ყოფილა ლეტალური. 

აღნიშნული ვაქცინა უსაფრთხოდ არის მიჩნეული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ევროპის წამლების სააგენტოს მიერ. გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნებს, „კოვიდ-19“ წინააღმდეგ ამ ვაქცინის გამოყენება გააგრძელონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]