weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუს შემდეგ გამოძიება დაიწყო

11:38 სამშაბათი, 23 მარტი 2021
ფოტოზე - ივანე გულაშვილი/კადრი მთავარი არხის ვიდეომასალიდან ფოტოზე - ივანე გულაშვილი/კადრი მთავარი არხის ვიდეომასალიდან

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ივანე გულაშვილი ჰყვება, რომ მაღალჩინოსნების, მათ შორის, შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის დავალებით, ფარული სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟებაში მონაწილეობდა.

„საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

ძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

„მთავარმა არხმა“ 21 მარტს გაავრცელა ამჟამად პატიმრობაში მყოფი ივანე გულაშვილის ინტერვიუ. ინტერვიუში გულაშვილი აღიარებს, რომ ფორმალურად იყო გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროში, ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე და სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით. გულაშვილი ჰყვება, რომ მისი ფუნქცია სხვის სახლებში შეღწევა და ფარული სათვალთვალო და მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟება იყო. ის ამბობს, რომ პოლიტიკოს ანა დოლიძის სახლშიც იმყოფებოდა.

ივანე გულაშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს დავალებებს შინაგან საქმეთა მინისტრ კახაბერ საბანაძისგან იღებდა. სუს-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, შს მინისტრის მოადგილემ აქციის დარბევის კადრები ამოაღებინა პარლამენტის სარდაფიდან, სადაც სერვერი იწერდა. ივანე გულაშვილი ამბობს, რომ შიდა და გარე კადრები დამტვრეულია და ვერავინ ნახავს, თუ პროკურატურასაც არ აქვს ჩაწერილი. მისივე თქმით, კახა საბანაძე ხელმძღვანელობდა უკანონო მოსმენებს - ის გასცემდა ბრძანებებს, ვის სახლში უნდა დაემონტაჟებინათ სათვალთვალო მოწყობილობა, ვისთვის უნდა ესმინათ და ვისზე შეეგროვებინათ კომპრომატები.

გულაშვილი ასევე ამბობს, რომ უთვალთვალებდნენ „მთავარი არხის“ მეწილეს და საპროტესტო აქციების მხარდამჭერს გიორგი რურუასაც.

„იარაღი მაქვს. ის გადმომცეს ქაღალდის ფაილით და მითხრეს, როცა საჭირო იქნება, უნდა გამოიყენოო. დღემდე ჩემთან არის და ვერ ვიგებ, რაში უნდა გადმოვიყენო. საბანაძემ გადმომცა, როცა დრო მოვა, უნდა გამოიყენოო“, – ამბობდა გულაშვილი ინტერვიუში.

მისივე თქმით, ბევრი ჩანაწერები აქვს, რომელთა გამოც შეიძლება მოკლან.

„მთავარი არხის“ ცნობით, ივანე გულაშვილთან ინტერვიუ 2019 წლის 24 ნოემბერს ჩაწერეს, როდესაც ის დაკავებული არ იყო. ტელეკომპანიის ცნობით, მას შემდეგ ის აღარ გამოჩენილა და რადგან სუს-ის ეშინოდა, მისი თანხმობის გარეშე ინტერვიუ ეთერში არ გავიდა. „მთავარი არხის“ ცნობით, ინტერვიუ მას შემდეგ გაუშვეს, რაც აღმოჩნდა, რომ გულაშვილი პატიმრობაში იყო. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ გულაშვილი ინტერვიუდან მალევე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლით მიუსაჯეს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით სასჯელი ორ წლამდე შეუმცირეს.

„მთავარი არხის“ მიერ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე, 20 მარტს, ტელეკომპანია „პირველმა“ გაასაჯაროვა კადრები, რომლის მიხედვითაც, ფარული სათვალთვალო მოწყობილობებით გადაღება ხდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის კაბინეტშიც.

სიუჟეტების გასვლის შემდეგ კახაბერ საბანიძემ თანამდებობა დატოვა. ის ამბობს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს ემსახურებოდა და კანონს იცავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]