weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ - ცერცვაძე

16:15 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, იმუნოლოგ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაციის მიმართ „უპრეცედენტო პასურობისა“ და უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშეა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია – ინფიცირების ახალი შემთხვევები, გამონაკლისის გარდა, 400-ზე მეტი არ არის და გარდაცვალების რიცხვი 10_ს არ აღემატება, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

„ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო. ეს არის ორი ძირითადი ფაქტორი.

პირველი ის, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოში ვაქცინა უწყვეტად შემოდის, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტიციზმი და ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ჯერ ვერ ხერხდება. მეორე არის ის, რომ ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს რეკომენდაციებს, განსაკუთრებით პირბადეების ტარებაზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 90 % უნდა იყოს, თუმცა ბოლო ერთ თვეშში 70 %-დან 42 %-მდე შემცირდა. იმუნოლოგი მიიჩნევს, რომ ეს საგანგაშო ნიშანია.

„დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე. უნდა აირჩიოს ორი გზიდან, ორი პერსპექტივიდან ერთ-ერთი: პირველი – ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიური, სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად, ვაფართოვებთ პირბადეების ხმარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებების თავის აცილებას. ასეთ შემთხვევაში, გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს. ეს არის, რომ ახალი შემთხვევები შემცირდება, გარდაცვალებები კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც მოჰყვება ყველანარი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის კომენდანტის საათის. ბიზნესი იქნება ღია, ეკონომიკა იქნება ღია, ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავზე იგრძნობს, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და დავივიწყებთ იმ კოშმარს, რომელიც იყო გასულ წელს. ამისთვის საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, სკეპტიციზმზე უარის თქმა და პირბადეების ტარება. მეორე გზა, რომელსაც, სამწუხაროდ, ახლა ვადგავართ, არის ის, რომ გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მამართ, არ ვიცრებით, სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ვატარებთ.

სამწუხაროდ, საქართველოში მესამე ტალღა დაიწყება მალე, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციასა და პირბადეების ტარებაზე.“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, სამედიცინო პერსონალის აცრით დაიწყო, ხოლო 25 მარტიდან ვაქცინაციის პროცეში 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებიც ჩაერთვებიან. ქვეყანაში ამ დროისთვის მხოლოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა, ხვალ კი „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა შემოვა.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს და საჭიროა, დღეში 3-4 ათასი აცრა ტარდებოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]