weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სამცხის დეპუტატი გარდაცვლილი ექთნის ოჯახისთვის კომპენსაციას ითხოვს

15:19 სამშაბათი, 30 მარტი 2021

„ქართული ოცნებიდან“ ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი კორონავირუსზე აცრის შემდეგ გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის მიცემას ითხოვს. ამ ინიციატივით ობოლაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება და თქვენთან ერთად, კოლეგებო, გავიზიარო ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახის ეს საშინელი ტრაგედია. გარდაიცვალა სიცოცხლით სავდე 28 წლის გოგონა, რომელსაც დარჩა გოგონა და ორი მცირეწლოვანი შვილი. მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ, ყველას, მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ, ის იყო აქტიური ამ უხილავ მტერთან - კოვიდთან ბრძოლაში და სჯეროდა, რომ მხოლოდ ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი კოვიდის დამარცხება.

მინდა თხოვნით მოგმართოთ, არსებული პროცედურების შესაბამისად განხილული იქნეს ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი. რა თქმა უნდა, ამით ვერ შევძლებთ, მეგი ბაქრაძეს დავუბრუნოთ სიცოცხლე, თუმცა მისი ოჯახის და შვილების გვერდში დგომით შევძლებთ ამ საშინელი ტრაგედიის და ტკივილის შემსუბუქებას“, – განაცხადა ობოლაშვილმა.

მისივე თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დარჩეს.

„ოჯახის მოთხოვნაა და ასევე ჩემი თხოვნაა, რომ გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რათა ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს“, – განაცხადა ობოლაშვილმა.

მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ აიცრა. ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით 30 წუთში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ვაქცინაციიდან დაახლოებით 24 საათში გარდაიცვალა. ექთნის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ანაფილაქსიური შოკი განიხილება. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოც სწავლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]