weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გალიდან რუსი ოკუპანტებისგან მალულად გადმოსვლისას 4 მოქალაქე ენგურში დაიხრჩო

12:30 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონათან და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონის მიმდებარედ, მდინარე ენგურში, გალში მცხოვრები საქართველოს სამი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, მეოთხე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას რუსი ე.წ. მესაზღვრეებისგან მალულად ცდილობდნენ. დაღუპულებს შორის ცოლ-ქმარიც არიან. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგია.

„საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“, – აცხადებს სუს-ი.

მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საკთხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში.

ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, 11 თებერვალს გაიხსნა. ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის ხუთდღიანი კარანტინის გავლაა სავალდებულო. ისინი საკარანტინო სივრცეს PCR ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ტოვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]