weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ნიკა მელიას საქმეზე პროცესი 13 აპრილს განახლდება – სხდომას ბრალდებულიც დაესწრება

13:20 ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი 13 აპრილის განახლდება. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა და მელიას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით,მოსამართლე იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ნიკა მელიას საქმის მიმართ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ დიდი ინტერესია.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სხდომაზე მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას პატიმრობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინები არ შეცვლილა. მე არ მაქვს წინაპირობა, რომ „ქართული ოცნებისგან“ ველოდო გონივრულ ნაბიჯს. პირადად მე, მომდევნო სხდომაზე ნიკა მელიას გათავისუფლებას არ ველოდები“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

25 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. ნიკა მელიას უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პროკურატურის ეს წინადადება პოლიტიკური დირექტივით არის მოტივირებული, რადგან ასეთი რამ არცერთ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არ გაუკეთებია.

„კანონის მოთხოვნაა, რომ თუ პატიმრობა არ არის უალტერნატივო, მოსამართლე ვალდებულია, აღნიშნული პატიმრობა შეწყვიტოს. თუ პროკურატურა აცხადებს, რომ ნიკა მელიას სურვილზეა, რა სახის აღკვეთის ღონისძიება იქნება შეფარდებული, ეს კანონის ენაზე ნიშნავს იმას, რომ პატიმრობა მასთან მიმართებაში არ უნდა იქნას გამოყენებული. ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს“, – აცხადებს მელიას კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

ნიკა მელია 23 თებერვალს, პარტიის ცენტრალურ ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მანამდე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით იმ მოტივით მიმართა, რომ ნიკა მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 000 ლარის გადახდაზე უარი თქვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, 3 ნოემბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა. პარლამენტმა საკითხს მხარი დაუჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]