weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სამინისტროში იმსჯელებენ, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში იქნება რეკომენდებული „ასტრაზენეკა“

13:53 ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს გაიმართება ექსპერტების ჯგუფის შეხვედრა, რომელიც იმსჯელებს რომელ ასაკობრივ ჯგუფებში იქნება რეკომენდებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ევროპის მარეგულირებელმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი დასკვნა, რომელშიც ისევ ცალსახად არის მითითებული, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული სარგებელი რისკებს აღემატება.

„აქვე მითითებულია სიახლე, რომელიც უკავშირდება იშვიათ შემთხვევაში შესაძლო თრომბოემბოლიური გართულებების სავარაუდო კავშირს „ასტრაზენეკასთან“.

ასევე ხაზგასმულია, რომ ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, ისევე როგორც ანაფილაქსია. ამდენად, მოწოდებაა, რომ ამ ტიპის გართულებებს ყურადღება მივაქციოთ. ამ ტიპის სურათი უფრო ახალგაზრდა პირებშია დადგენილი. ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 30 წლამდე პირებისთვის აღარ გაუწიოს რეკომენდაცია „ასტრაზენეკას“ გამოყენებას. ზოგიერთი ქვეყანა უფრო მაღალ ასაკს მიიჩნევს, 55 და 60 წელს.

ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ჩამოყალიბებული. დღეს იქნება ამასთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფის შეხვედრა და დღის ბოლომდე ვფიქრობ, პოზიცია სრულად იქნება ჩამოყალიბებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტიდან კი ვაქცინაცია დაიწყო. აცრების მესამე დღეს პირველი სერიოზული გართულება დაფიქსირდა – ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრის შემდეგ გაუარესდა და ქალი კომაში ჩავარდა. ის ვაქცინაციიდან დაახლოებით 24 საათში გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. მეგი ბაქრაძის საქმეს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო. ჯერჯერობით ცნობილი არ არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ექთნის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ანაფილაქსიური შოკი განიხილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]