weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სახალხო დამცველი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე შსს-ს მიმართავს

22:44 კვირა, 11 აპრილი 2021
ფოტოზე - ნამოხვანი, პოლიციის მიერ კარვების აღების შემდეგ ფოტოზე - ნამოხვანი, პოლიციის მიერ კარვების აღების შემდეგ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ კარვების დაშლის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას დამატებით შეისწავლის.

დღეს, სოფელ ნამოხვანში სამართალდამცველებმა აიღეს კარვები, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს ათევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების საფუძვლად მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდება და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საფრთხე დაასახელა, თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ მდინარე კარვებს საფრთხეს არ შეუქმნიდა. ამასთან, შსს-ს წარმომადგენლები რიონის ხეობაში არ უშვებენ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს, რომლებიც სოფელ გუმათში იმყოფებიან, გზა აქვთ გადაკეტილი და მთელი ღამის განმავლობაში იქ აპირებენ დარჩენას. ისინი ნამოხვანში, ალტერნატიულ ადგილზე, მშვიდობიანი აქციის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. 

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათი წარმომადგენელი ამ დრომდე რიონის ხეობაშია, ის იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მხარეებთან.

„ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ერთი მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს პოლიციას, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, პროტესტის მიზნით გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ითხოვენ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას. 

კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის აპარატი შსს-ს ასევე მოუწოდებს, საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ.

ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ, შპს „ენკა რინიუებლზმა“ ჰესის სამშენებლო სამუშაოები 3 აპრილს, საპოლიციო ძალების მობილიზებით, ადგილობრივების პროტესტის ფონზე განაახლა. სოფელ ნამახვანში, იქ სადაც აქტივისტებს დღემდე კარვები ჰქონდათ გაშლილი, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების შეკრებას ხელი რომ შეშლოდა, პოლიციამ გზა ორივე მხრიდან, გუმათსა და ქორენიშში ჩაკეტა. ამის შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარავი გუმათშიც გაშალეს. 8 აპრილს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ გადაადგილების შეზღუდვა პოლიციის მიერ გამოყენებული არაპროპორციული ღონისძიებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]