weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„გალში გახარებული ქართველი არ არის“ – გალელები მთავრობისგან დახმარებას ელიან

21:54 სამშაბათი, 13 აპრილი 2021
რადიო ათინათის ფოტო რადიო ათინათის ფოტო

მდინარე ენგურში დაღუპული ცოლ-ქმარი 39 წლის მაყვალა გამისონია და 47 წლის ელგუჯა გვალია გალში, სოფელ წარჩეში დღეს დაკრძალეს. ტრაგედიიდან 7 დღის შემდეგ, ოკუპირებულ რაიონში დარჩენილი ადმიანები 5-დღიანი კარანტინის მოხსნას ელიან, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს კი ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ენგურში 4 ადამიანის დაღუპვას პირდაპირ ეპიდემიასთან და კარანტინთან ვერ დავაკავშირებთ.

„კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს და მექანიზმი, რომელიც დამუშავდება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, მაგრამ ეს იქნება მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებს ეპიდემიური რისკების ზრდას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი კვლავაც აქტუალური რჩება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

ელგუჯა გვალიას ძმა, რომან გვალია ზუგდიდში ცხოვრობს და ტრაგედიის შესახებ დეტალებს გალში მცხოვრები ახლობლებისგან იგებს. მისი თქმით, სურს, რომ ობლად დარჩენილ 8 წლის ძმისშვილზე მეურვეობა აიღოს და ბავშვი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ზუგდიდში გადმოიყვანოს საცხოვრებლად.

„აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა დამირეკა, პირველ ეტაპზე, ერთჯერადად 1000 ლარიანი დახმარების დარიცხვას დაგვპირდნენ ჩემი ძმის შვილის ანგარიშზე, მაგრამ არ მიკითხავს ჯერ, ჩარიცხულია თუ არა, მაგის თავი არ გვქონდა არავის“, –თქვა რომან გვალიამ „რეგინფოსთან“ და ისიც აღნიშნა, რომ მისი საზრუნავი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბავშვის ბინით დაკმაყოფილებაცაა, რადგან გალში 77 წლის ბებია მის აღზრდას ვერ შეძლებს.

ელგუჯა გვალიასა და მაყვალა გამისონიას კიდევ ორი შვილი დარჩათ, ორივე სრულწლოვანია – ქალს საკუთარი ოჯახი აქვს, ვაჟი კი 21 წლისაა. ისინიც გალში ცხოვრობენ.

რომან გვალიას თქმით, სამინისტროს წარმომადგენელს ენგურში კიდევ ერთი დაღუპულის – 29 წლის თამუნა ცატავას უფროსი შვილის, 8 წლის ბიჭის მდგომარეობის შესახებაც ესაუბრა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბავშვი თურქეთშია გადასაყვანი. ამაზეც ვთხოვე დახმარება. თამუნა ბავშვის საბუთების გასაკეთებლად იყო წამოსული, რადგან ქართული საბუთები, მათ შორის დაბადების მოწმობაც, არ ჰქონდათ. ყველაფერი აქ უნდა გაეკეთებინა და ზუგდიდში ამისთვის გადმოდიოდა“, – ამბობს რომან გვალია.

მდინარე ენგურში დაღუპულ 61 წლის თამაზ ბასლანძეს გალში, სოფელ მზიურში, პენსიონერი, 64 წლის მეუღლე, მანანა ზარია დარჩა. ოჯახის ნათესავი გვიყვება, რომ ისინი გალში ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. მათ კიდევ უფრო გაუჭირდათ მას შემდეგ, რაც ენგურის ე.წ საზღვარი ჩაიკეტა და თამაზ ბასლანძე, რომელიც იქ გადამზიდავად მუშაობდა, უმუშევარი დარჩა.

„მათი ერთადერთი შემოსავალი იყო პენსია – 250 ლარი და დევნილთა დახმარება – 45 ლარი, რის ასაღებადაც თამაზ ბასლანძე თვეში ერთხელ კვეთდა მდინარე ენგურს. მანანა ვერ გადავიდოდა, ავადმყოფობდა, თამაზი კი, რადგან პენსიონერი არ იყო, საზღვარზე არ უშვებდნენ, ამიტომ ფარულად გადადიოდა, იღებდა ამ ფულს, ყიდულობდა წამლებს და თუ იქიდან რამე დარჩებოდა, პროდუქტს. გალში გახარებული ქართველი არ არის“, – ამბობს ხათუნა ქარდავა, რომელიც გარდაცვლილი თამაზ ბასლანძის ძმის ცოლია და თავადაც გალში ცხოვრობს.

„რეგინფო“ ასევე ესაუბრა თამაზ ბასლანძის დას, ნანული ბასლანძეს, რომელიც ქალაქ ფოთში ცხოვრობს. მისი თქმით, მას დევნილთა სამინისტროდან, ვინმე კოტე ბაცარია დაუკავშირდა, გამოჰკითხა დაღუპულის მეუღლის მდგომარეობა გალში, 1000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება ჩაურიცხა და კიდევ დაპირდა უწყების სახელით ფულად დახმარებას.

„რეგინფო“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რა დახმარებას აღმოუჩენენ ენგურში დაღუპულთა მცირეწლოვან შვილებს, რომლებიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და დახმარებას ელიან. უწყებას შეკითხვებზე პასუხი არ აქვს.

 

ამ თემაზე წაიკითხეთ ვრცლად:

ენგურის გადალახვა სიცოცხლის ფასად - ოთხი მსხვერპლი გალიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]