weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დიახაც, ეს არის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება – ლომინაძე

10:50 შაბათი, 17 აპრილი 2021

ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, სადაც იქნება გათვალისწინებული აბსოლუტურად ყველა მხარის ინტერესი. მე მგონია, რომ კონსენსუსისა და შეთანხმების გარეშე მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას ჩავერთოთ ნებისმიერ პროცესში იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში შევთანმხდეთ და შევჯერდეთ, როგორ მოხდება ამ პროექტის განხორციელება, განაცხადა ნამახვანჰესის პროექტის ახლად დანიშნულმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.

ლომინაძის თქმით, „ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება და წლების განმავლობაში დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს. მისივე განცხადებით, მხოლოდ 11 დღეა, რაც თანამდებობაზე დაინიშნა და ამ მოკლე პერიოდში გაკეთებული ანალიზის შედეგად შეუძლია თქვას, რომ პროექტთან დაკავშირებით კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.

„როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ადამიანის ხმა არ იქნა გაგონილი, ძალიან ბევრი ნათქვამი არ იქნა მიტანილი იმ ადამიანებამდე, ვისაც უნდა მოესმინა ეს ნათქვამი. პირველ რიგში, საუბარია იმ სიკეთეებზე, რომელიც ამ პროექტს შეუძლია მოიტანოს ხეობისთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მე შევეცდები ნამდვილად, რომ გამოსწორდეს ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ლომინაძემ პირველი არხის ეთერში

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა კომპანია „ენკა“ იმ დათმობისთვის, რომ დიალოგის გასაგრძელებლად მოსამზადებელი სამუშაოები შეწყვიტოს, მერაბ ლომინაძემ მკაფიო პასუხი არ გასცა. მან განაცხადა:

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის დიალოგისთვის და გამომდინარე იქიდან, რომ დარწმუნებული ვარ, ყველა ჩართული მხარე მოქმედებს ერთადერთი დღის წესრიგით, რაც არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ჩვენ კონსენსუს მივაღწევთ.

ამავდროულად, მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას - ჩვენმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიყოთ დასავლური ტიპის დემოკრატიული საზოგადოება და ავაშენოთ დასავლური ტიპის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ეფუძნება კერძო საკუთრებას. კერძო საკუთრება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც უკვე ზედნაშენი სახით ვხედავთ დემოკრატიას. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება კერძო საკუთრების ხელყოფა, რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თუმცა, ისევ და ისევ, ინვესტიციები რომლებიც ასე გვჭირდება ქვეყანაში, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად მოვიზიდოთ, რათა გავამყაროთ ლარი, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და კერძო საკუთრების დაცვა არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომელსაც დაეყრდნობა ინვესტიციების მოზიდვა, – აღნიშნა ლომინაძემ.

მან მაგალითად შვედეთი მოიყვანა და განაცხადა, რომ მსგავსი პროექტის განსახორციელებლად ინესტორს მიწა იქ არა 99 წლით, არამედ სამუდამოდ გადაეცემა. ასევე, დაასახელა ავსტრია, სადაც პროექტისთვის საჭირო მიწა ინვესტორებს 90 წლით გადაეცემათ. შეკითხვაზე, იგულისხმება ადგილობრივი ინვესტორისთვის მიწის გადაცემა, თუ უცხოურისთვის, ლომინაძემ თქვა:

მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ არავინ შეიყვანოს შეცდომაში – კომპანია ენკა რინიუებლზ ჯორჯია“ გახლავთ საქართველოში რეგისტრირებული. დიახაც, ეს არის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება. რაც შეეხება ამ კომპანიაში დასაქმებულ პირებს, მე ალბათ, ერთ-ერთი მაგალითი ვარ იმისა, რომ დიახ, ამ კომპანიაში დასაქმებული ვართ ქართველები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები“, – განაცხადა ლომინაძემ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები თითქმის ექვსი თვეა ეწინააღმდეგებიან რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას. პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდა და გაფართოვდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ინვესტორ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 121 ლარად საკუთრებაში, 99 წლის ვადით, გადაეცა რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი. კომპანიამ წლიურად მხოლოდ 16 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ფართობით სარგებლობის სანაცვლოდ. გარდა ამისა, გასაჯაროვდა ხელშეკრულება, რომელიც არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.

რა ვალდებულებები აიღო მთავრობამ ნამახვანჰესის ხელშეკრულებით

ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე შეფასებები დილეტანტურია – სამინისტრო

15 აპრილს, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გამართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებმა ხელისუფლებას დიალოგის დასაწყებად სამი პირობა წაუყენეს: ხეობიდან პოლიციის გამოყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა, აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში დაიწყება დიალოგი, სადაც ხელშეკრულების და მიწების გადაცემის საკითხებზე იმსჯელებენ. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ პირობების განხილვისა და პასუხის გასაცემად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]