weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოხეს კონფლიქტის საქმეზე ორ პოლიციელს ბრალი 7 წლის შემდეგ წარუდგინეს

15:14 ორშაბათი, 19 აპრილი 2021
მუსლიმების ლოცვა სადავო შენობასთან / TDI-ის ფოტო მუსლიმების ლოცვა სადავო შენობასთან / TDI-ის ფოტო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, 2014 წლის 22 ოქტომბერს, სადავო შენობის გამო პოლიციასა და ადგილობრივ მუსლიმებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული თემურ მიქელაძე პროკურატურამ შვიდი წლის შემდეგ დაზარალებულად ცნო, ხოლო ორ ყოფილ პოლიციელს ბესიკ აფრიამაშვილსა და გიორგი პეტაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 4000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ისინი რამდენიმე წელია პოლიციის თანამშრომლები აღარ არიან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, არ აღიარებს დანაშაულს და მიიჩნევს, რომ არის უდანაშაულო“, – ამბობს ადიგენის პოლიციის ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებლის, გიორგი პეტაშვილის ადვოკატი ნოდარ აკოფაშვილი „მეცხრე არხთან“.

„ის სხვა თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გარდა ამისა, მას, როგორც ინსპექტორ-გამომძიებელს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული საგამოძიებო მოქმედებებიც აქვს ჩატარებული. ეს ხდებობდა 2014 წელს. იმ პერიოდისთვის მოხდა გამოკითხვა, თუმცა წლების განმავლობაში არც ის გამოუკითხავთ და არც ბესიკ აფრიამაშვილი. საქმე სავარაუდოდ უმოძრაოდ იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

თემურ მიქალაძე, რომელიც 2014 წელს მოხეში გამგებლის წარმომადგენელის თანამდებობაზე მუშაობდა, ერთ-ერთი იყო იმ 14 ადამიანს შორის, რომელიც დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. ის აცხადებდა, რომ პოლიციელებმა სცემეს.

მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემი სოფელში მდებარე და ადგილობრივი გამგეობის ბალანსზე ე.წ. კლუბის სტატუსით რიცხული ისტორიული შენობის მათთვის გადაცემას წლების განმავლობაში ითხოვდა. 2014 წლის ოქტომბერში გამგეობის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შენობის სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რასაც მუსლიმების პროტესტი მოჰყვა. 22 ოქტომბერს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა შენობის გარშემო ჯაჭვი გააკეთეს და ამ ფორმით ცდილობდნენ მუსლიმებს სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ. მოქალაქეებმა ჯაჭვის გარღვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება და 14 ადამიანის დაკავება მოჰყვა. დაკავებულ პირებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.

2014 წლის დეკემბერში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შექმნა სპეციალური კომისია, ე.წ. მოხეს კომისია, რომელსაც შენობის კონფესიური წარმომავლობა უნდა შეესწავლა. თუმცა, 2 წლის შემდეგ, 2017 წლის 11 მაისს კომისიამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც უარი თქვა შენობის კონფესიური წარმომავლობის შესწავლაზე, შენობას სადავო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ე.წ. „მოხეს კომისიის“ გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოხეში მეჩეთის მშენებლობის მიზნით საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, ხოლო სადავო შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. მუსლიმი თემის ნაწილი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევდა და ისტორიული შენობის გვერდით ღია ცის ქვეშ ლოცვას აგრძელებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]