weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თუ არ მოინანიებთ, შაბათს განგკვეთავთ – მეუფე სტეფანე მღვდლებს

09:28 პარასკევი, 23 აპრილი 2021

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) სალხინოს მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირებს შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ იძულებულია, ეკლესიიდან განკვეთოს ტაძრის ყოფილი წინამძღვარი იღუმენი დანიელი, ასევე დიაკონი ანანია და ბერდიაკონი პეტრე ღუდუშაური, თუ ისინი არ მოინანიებენ „ამბოხს და ეკლესიის წინაღმდეგ მიმართულ მოქმედებებს“.

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასთან“ მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ თვითმარქვია წინამძღვარმა ტაძარში ლოცვა ჩაშალა. მეუფე სტეფანემ თქვა, რომ სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად მის მიერ მღვდელი გოჩა ლიპარტელიანია დანიშნული.

„ლოცვა ვერ დაიწყო. როდესაც ლოცვის დაწყება უნდოდათ, ახტა დიაკონი ანანია და დაიწყო რაღაცების ყვირილი, რომ არ შეიძლება ლოცვას დაესწრენენ ის ადამიანები, რომლებიც ტაძარში შემოსული იყვნენ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რა ვიცით? ადამიანები ტაძარში იყვნენ შემოსული. ბატონ ლაშა პაპაშვილს ვიცნობ. მას რომ დასწრება უნდოდა, გარკვეულწილად ვიცოდი. რა პრობლემა უნდა იყოს? ადგილობრივი მცხოვრებია მისი ახლობელი და კიდევ ვინმე თუ მოვიდოდა, რა გვაქვს საწინააღმდეგო? ვისაც უნდა, რომ დაესწროს წირვასა და ლოცვას, უნდა დაესწროს. ეს მღვდელმოქმედება შეჩერებული დიაკონი ანანია ამბიონზე ავარდა და ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება, როგორც მე ამიხსნეს, რადგან იქ არ ვიყავი. საბოლოო ჯამში, ეს ჩოჩქოლში გადაიზარდა და ლოცვა ისევ ჩაიშალა. მერე ამ თვითმარქვია წინამძღვარმა განაცხადა, რომ აღდგომამდე მონასტერი დაკეტილიაო. მას იქ უფლებამოსილება არ აქვს, არც წინამძღვარია და არც მღვდელმოქმედება შეუძლია და აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილებები არაფერს ნიშნავს.

რადგან საჭირო გახდა, რომ უფრო მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია, ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს – მე მივედი ლოცვის ჩასატარებლად და არ მომცა საშუალება, ახლა კიდევ გააგრძელა ასეთი ქმედებები და კიდევ აპირებს გაგრძელებას, უკანონოდ დაკეტა მონასტერი – აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი, აღარ ექნება უფლება, რომ იყოს მღვდელმსახური, დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს.

შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული და შეიძლება ამ შემთხვევაში, მისი განკვეთა აღარ განხორციელდეს. დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს ასევე განვკვეთავ, თუ არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ ისიც არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, თუმცა ჯერ ამ სამით შემოვიფარგლები“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ და გაფრთხილება მისცა მირიან მესხაძესა და დიაკონ კონსტანტინე გაბისონიასაც.

მისივე თქმით, წმინდა სინოდის წინაშე აპელაციის უფლება ყველას აქვს და ამ ადამიანებს, შეუძლიათ წმიდა სინოდს მიმართონ: „წმინდა სინოდამდე ისინი სხვა გამოსავალს არ მიტოვებენ და თუ არ მოინანიებენ შაბათისთვის, ეს სამი ადამიანი იქნება განკვეთილი და აღარ შეეძლებათ, რომ იწოდონ არც მღვდელმსახურები, არც დიაკვნები და არც არაფერი“.

მიტროპოლიტმა სტეფანემ თქვა, რომ ბზობის დღესასწაულს სალხინოში ჩაატარებს და მრევლსაც მოუწოდა, ბზობა იქ აღნიშნონ.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვალში ეპარქია სამართავად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ჩააბარეს. მანამდე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. წლების განმავლობაში ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე პეტრე (ცაავა) მართავდა. წმინდა სინოდმა ის მღვდელმთავრობიდან 2019 წლის ოქტომბერში გადააყენა „კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ილია მეორე მამათმავლური ცოდვით არის შეპყრობილი და შეუძლია ეს ბრალდება მოწმეებით დაადასტუროს.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მხარს უჭერს მეუფე პეტრეს და მის ბრალდებებზე გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ მეუფე სტეფანე უკანონო მმართველია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]