weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია იყო – ვოლსკი დავით გარეჯში მელაშვილის ჩასვლაზე

13:29 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021
კადრი მთავარი არხის ვიდეომასალიდან კადრი მთავარი არხის ვიდეომასალიდან

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გუშინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის გამოჩენა ჟურნალისტებთან ერთად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

„ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ვთქვათ სავაჭრო ცენტრში, კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, ამ შემთხვევაშიც, მაგრამ უფრო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როდესაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ, მეორე – გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და მესამე – დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას, როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთვნება დავით გარეჯის ტერიტორია, ეს ადამიანი იქნას გამოყენებული პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ივერი მელაშვილი და „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი გუშინ, 4 მაისს დავით გარეჯის მამათა მონასტერთან გადაღებაზე იმყოფებოდნენ, როდესაც თავს დაესხნენ. ჟურნალისტ ნინუცა კეკელიამ ინციდენტის შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ სასულიერო პირებმა ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მას და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვიდეოკამერა კი დააზიანეს. ჟურნალისტის თქმით, სასულიერო პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. დაპირისპირება მონასტრის ტერიტორიის დატოვების შემდეგაც გაგრძელდა – საგარეჯოსკენ მიმავალ გადამღები ჯგუფის ავტომობილს გზა სოფელ უდაბნოში მოქალაქეებმა გადაუკეტეს. ისინი ივერი მელაშვილს ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გარეჯის ტერიტორიაზე მეორედ აღარ მისულიყო.

ივერი მელაშვილი ამბობს, რომ მას შეცდომაში შეყვანილი ადამიანები დაუპირისპირდნენ, მომხდარზე კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჟურნალისტები ითხოვენ, გამოძიება მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაც წარიმართოს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვა სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც 2020 წლის 7 ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფებოდნენ, 2021 წლის 28 იანვარს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და 20-20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მელაშვილმა და ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს, რაც სწორედ მათ დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]