weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა დაევალა

09:33 შაბათი, 08 მაისი 2021

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) საჩივარი და საქართველოს მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

„სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება“, – ციტირებს PHR-ი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის შეტყობინებას.

ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე.

„ამასთან, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, შეასრულოს ის“, – განმარტავს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

PHR-მა კომიტეტს 5 მაისს მიმართა. მანამდე ორგანიზაციამ დროებითი ღონისძიების გამოცემის მოთხოვნით თბილისის საქალაქოს სასამართლოში შეიტანა საჩივარი, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა ბავშვთა უფლებების დარღვევა და მონიტორინგის საჭიროება ვერ დაინახა. შესაბამისად, PHR-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციამ 28 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ნინოწმინდის პანსიონატში სახალხო დამცველის მონიტორინგის განხორციელებაში ხელშეშლის აღმოფხვრა პანსიონის ადმინისტრაციისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 აპრილს, მათი წარმომადგენლები, რომელთაც ნინოწმინდაში წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელება სურდათ, დაწესებულებაში არ შეუშვეს. პანსიონის პასუხისმგებელმა პირმა ამის მიზეზად სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.სახალხო დამცველის განცხადებით, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელიც იქ 2020 წლის ივნისის შემდეგ აღარ ყოფილა.

მეუფე სპირიდონი ადასტურებს, რომ პანსიონში სახალხაო დამცველის წარმომადგენელს მისი კურთხევით არ უშვებენ.

„ჩემი პირადი აზრია, რომ მაგ ხალხის შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას, აი ამიტომ. იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში და ბავშვებთან მიშვება არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის აბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. იქ ორი ეკლესიაა და თითქმის ყოველდღიური წირვებია. ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად ვერ მივცემ“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

სასულიერო პირმა ცილისწამება და უაზრო სისულელე უწოდა სახალხო დამცველის განცხადებას იმის შესახებ, რომ პანსიონში მყოფი არასწრულწლოვნები სოციუმიდან იზოლირებულები არიან. რაც შეეხება პანსიონში სოციალური მუშაკების არ შეშვებას, მეუფე სპირიდონის თქმით, ესეც ცილისწამებაა.

„როცა უნდა მაშინ მოდის სოცმუშაკი, ტელეფონზე თითქმის ყოველ დღე რეკავს. ახლა პანდემია რომ იყო, შესაძლოა იმიტომ იკავებდა თავს მოსვლისგან“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები, არასრულწლოვნები ფაქტობრივად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]