weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დმანისში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

21:56 ორშაბათი, 17 მაისი 2021

დმანისში ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის გუშინ დაწყებული კონფლიქტი შერიგებით დასრულდა. დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოართვეს, სადაც მათი, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

„შერიგება მოხდა ჩვენსა და აზერბაიჯანელებს შორის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომში აღარ გაგრძელდება ასეთი ფაქტი. ყოველთვის გვირჩევნია მეც და ჩემს ირგვლივ მყოფებსაც, რომ გვქონდეს ისეთი სიტუაცია, როგორიც აქამდე გვქონდა, კარგი და მშვიდობიანი ურთიერთობა. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. დასასრული იყო ჩვენთვის ყველასთვის მისაღები. დიდი იმედი მაქვს, რომ კონფლიქტი ამოწურულია“, – განაცხადა ადგილობრივმა, ამირან ნარსავიძემ.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა ადგილობრივებს მოუწოდა დაიცვან შერიგების შესახებ შეთანხმება. მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა მაგალითი იქნება იმ ადამიანებისთვისაც, ვინც შეხვედრას არ ესწრებოდნენ და კონფლიქტი დამთავრებულად ჩაითვლება.

„მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროება იყო, ჩვენი, სასულიერო პირების, სახელმწიფოს წარმომადგენლების, მოსახლეობის – ორივე მხარის ჩართულობით – იქნა შეთანხმება მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი“, – თქვა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები – ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი და ასევე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.

„ამას არ უნდა მიეცეს გაგრძელება, არც სხვა მხრიდან მოსულის და არც ადგილობრივების მხრიდან. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები აქ ერთად ცხოვრობენ, ერთად იცხოვრებენ მომავალშიც და იცხოვრებენ მშვიდად. ყველას მოვუწოდებ, ესკალაციას ნუ მისცემს ამ ვითარებას. ეს არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი რაღაც გაუგებრობა, რომელსაც არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება“, – განაცხადა სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გუშინ, მაღაზიაში მომხდარი ინციდენტით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ომერ მარკეტის“ გამყიდველმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს უარი უთხრა ლუდის ნისიად გატანებაზე. სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ორი ჯგუფის ჩხუბი ჩანს. გუშინდელი დაპირისპირება დღეს დილიდან დმანისის ქუჩებში გაგრძელდა. ჯოხებით, ხელკეტებით, თოხებითა და სხვადასხვა ნივთით შეიარაღებულ მოქალაქეებს შორის სამართალდამცველები იდგნენ, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ კორდონის გარღვევას. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ დასდევდნენ და უსწორდებოდნენ ერთმანეთს მოქალაქეები ქუჩებში. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა დმანისამდე მისასვლელი გზა და დაპირისპირებული მხარეების მხარდამჭერების ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილების აღკვეთას ცდილობდა.

პარლამენტის წევრების გარდა დმანისში ჩავიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია გუშინდელ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა და მიმდინარეობს გამოძიება. უწყებას დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]