weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სასამართლომ „რუსთავი2“-ის უძრავი ქონება დააყადაღა

13:30 სამშაბათი, 18 მაისი 2021

სასამართლომ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მოთხოვნა და ტელეკომპანიის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი კახა კოჟორიძე ავრცელებს, რომელიც სასამართლოში აქიმიძისა და დვალის ინტერესებს იცავს.

კოჟორიძის განმარტებით, დაყადაღებულია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და მათზე განლაგებული ყველა შენობა-ნაგებობა.

ყადაღის საფუძველზე, მესაკუთრეს ეკრძალება ქონების განკარგვა – ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა გარიგება ჩაითვლება ბათილად.

„აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო „რუსთავი 2“-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ „რუსთავი 2“ დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს“, – აცხადებს ადვოკატი.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. ტელეკომპანიის მაშინდელმა მფლობელებმა ძმებმა ყარამანიშვილებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს და საქართველოს სახელმწიფოსთვის ამ გადაწყვეტილების აღსრულების აკრძალვა მოითხოვეს. მომჩივანი მხარე აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“-ის წილების საკუთრებასთან დაკავშირებით დავის განხილვის დროს მათი უფლებები დაირღვა. 2019 წლის 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას. ამასთან, მან გააუქმა 2017 წლის მარტში მიღებული დროებითი ღონისძიება. შესაბამისად, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა.

2019 წლის ოქტომბერში სასამართლოს მიმართეს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა. ისინი აცხადებენ, რომ 2004 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად, თავიანთი 30-30%-იანი წილები იძულებით დათმეს. ისინი სამართლიანობის აღდგენას და სწორედ ამ 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვენ ხალვაშისგან.

2015-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ დვალსა და აქიმიძეს 50%-იან წილს გადასცემდა, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. დღემდე „რუსთავი 2“-ის 60%-იან წილს ხალვაში ფლობს, ხოლო 40%-ს – მისსავე საკუთრებაში არსებული შპს „პანორამა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]