weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საკრებულოში მაჟორიტარების რაოდენობა მცირდება – საარჩევნო რეფორმა

16:09 შაბათი, 22 მაისი 2021
ფოტოზე - შალვა პაპუაშვილი ფოტოზე - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და მათი მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე (7 ივნისის კვირა) იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებთან მიმართებაში, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, საჩივრების განხილვის და კომისიების მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები.

საარჩევნო სისტემა

კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იცვლება საკრებულოებში მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული წევრების თანაფარდობა. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა შემცირდება.

„თვითმმართველ ქალაქებში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – თანაფარდობა იქნება 4/1-ზე, ანუ ერთ მაჟორიტარზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება 2/1-ზე ანუ 1 მაჟორიტარზე 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მოქმედი კანონმდებლობით, თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისაგან.

საარჩევნო ადმინისტრაცია

შალვა პაპუაშვილის თქმით, შენარჩუნდება შერეული ტიპის საარჩევნო ადმინისტრაცია სამივე დონის საარჩევნო კომისიაში, თუმცა კომისიების შემადგენლობა 17 წევრამდე გაიზრდება.

„პროფესიული წევრების რაოდენობა დღეს არსებული 6 წევრიდან გაიზრდება 8 წევრადე, ხოლო პარტიული წევრების რაოდენობა დღეს არსებული 6 წევრიდან გაიზრდება 9 წევრამდე. ამასთან, ნაცვლად არსებული პროპორციული გადანაწილებისა, იქნება პარიტეტის პრინციპზე დამყარებული სისტემა – ერთი პარტია ერთი წევრის პრინციპით. იგივე თანაფარდობა იქნება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოდის ცესკოს წევრების და თავმჯდომარის კვალიფიციური უმრავლესობით, ანუ 2/3-ით არჩევის პრინციპი პრეზიდენტის წარდგენის საფუძველზე პარლამენტის მხრიდან, თუმცა ამავე დროს იქნება ე.წ. დაბლოკვის საწინააღმდეგო პროცედურაც – იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება ამ კვალიფიციური უმრავლესობის შეგროვება, გარკვეული პროცედურის შემდეგ, ჩამოვა უბრალო უმრავლესობამდე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ერთის ნაცვლად ორი მოადგილე ეყოლება: ერთი პროფესიული წევრებიდან და მეორე ოპოზიციის მიერ დასახელებული. ეს უკანასკნელი ცესკოს თავმჯომარის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეასრულებს თავმჯდომარის ფუნქციებს.

ახალი რეგულაციით საუბნო საარჩევნო კომისიას, უბნის დახურვის შემდეგ, აღარ შეეძლება შესწორების ოქმის შედეგნა.

„შესწორების ოქმი შეიძლება შედგეს მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში და ისიც გადათვლის საფუძველზე: თუ იქ რაოდენობები იცვლება, უნდა მოხდეს გადათვლა და ამის შემდეგ მოხდეს შესწორების ოქმის შედეგნა. ის სპეკულაციები, რაც დაკავშირებული იყო 2020 წლის არჩევნებთან, რომ შესწორების ოქმები შედგენილი იყო მხოლოდ ახსნა-განმარტების საფუძველზე, ეს მომავალ არჩევნებში აღარ იქნება შესაძლებელი, ვინაიდან ოლქი ვერ დაეყრდნობა მხოლოდ ახნსა-განმარტებას და ექნება ვალდებულება, რომ გადათვალოს უბანი. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოდის ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უბნების გადათვლის პროცედურა. კეძოდ, თითო ოლქში ხუთი უბანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა და გადაითვლება.

ჯამში გადაითვლება 365 უბანი, რაც წარმოადგენს მთლიანად უბნების რაოდენობის 10%-ს. ეს რაოდენობა სტატისტიკურადაც არის იმდენად წარმომადგენლობითი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ბიულეტენების ხელახალ გადათვლას გაუტოლდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო დავები

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საჩივრების განუხილველად დატოვება მოხდება არა საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ეთპიროვნული გადაწყვეტილებით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილებით. ასევე, შეიქმნება საჩივრის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირთა ელექტრონული რეესტრი.

„ამან უნდა მოხსნას ის საკითხი, რომელიც ხშირად ისმოდა 31 ოქტომბერთან დაკავშირებით, რომ საჩივრები განუხილველად იყო დატოვებული, რადგან შედგენილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ. კვლევამ აჩვენა, რომ იყო ხარვეზები მინდობილობის შედგენისას და ელექტრონული რეესტრი ამ ხარვეზსაც აღმოფხვრის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ვადები გაიზრდება და შემოვა საჩივრის ელექტრონულად შეტანის შესაძლებლობა.

წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია

შალვა პაპუაშვილის თქმით, იზრდება კენჭისყრის შენობასთან ის პერიმეტრი, სადაც აგიტაცია აკრძალულია.

„მნიშვნელოვანია, რომ იქნება კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25-მეტრიანის ნაცვლად 100-მეტრიანი პერიმეტრი. ამ ცვლილების შედეგად, იქნება 25-მეტრიანი განსაკუთრებული შეზღუიდვის პერიმეტრი და ასევე, 100-მეტრიანი პერიმეტრი, სადაც აკრძალული იქნება აგიტაცია, ამომრჩევლების აღრიცხვა და ასევე, შეკრება. ორივე პერიმეტრის დარღვევაზე გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელები 2000 ლარის ოდენობით.

წინაასაარჩევნო კამპანიის დროს იქნება გარკვეული შეზღუდვები. განსაკუთრებით ხაზგასასმელია სამსახურებრივი ნიშნით შეკრების აკრძალვა. მაგალითად, ცალკე პედაგოგების შეკრება, ან ცალკე ბაღის აღმზრდელების შეკრება საარჩევნო მიზნებისთვის იქნება აკრძალული“, – განაცხადა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას (მაგალითად, სახის ამომცნობი პროგრამის დანერგვა, ან არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესი), როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ცესკოსთან კონსულტაციები, თუ რა სახის ტექნოლოგიები და რა მასშტაბით შეიძლება იქნეს გამოყენებული.

„10 მილიონი ლარის ხარჯთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული. ამ კუთხით არსებობს მზაობა დონორი ორგანიზაციების მხრიდანაც, რომ გარკვეული ხარჯი მათ აიღონ საკუთარ თავზე. ხვალ გაიმართება, სავარაუდოდ, საბოლოო შეხვედრა ცესკოსთან, რომლის ფარგლებშიც მოხდება შეთანხმება, რა სახის ტექნოლოგიები და რა მასშტაბით დაინერგება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეფასებით, კანონპროექტში გათვალისწინებულია თითქმის ყველა რეკომენდაცია, რომელიც ამ დრომდე ვენეციის კომისიის მიერ იქნა გაცემული. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრინციპები, რაც საარჩევნო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას გაზრდის.

„ამბიციური საარჩევნო რეფორმის“ განხორციელებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტითვალისწინებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მოაწერეს ხელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]