weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაზე მოთხოვნები დაასახელეს და ხელისუფლებას ვადა მისცეს

16:51 კვირა, 23 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციის მოთხოვნები გამოაცხადა. მთავარ მოთხოვნებს შორისაა კომპანია „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობის დატოვება, ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადება და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში იყვნენ ჩართული.

გოლეთიანის თქმით, ხელისუფლებას აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესასრულებლად ვადა 24 მაისის დღის12 საათამდე ეძლევა.

„ნამახვანჰესთან დაკავშირებით ამოწურულია ყველანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან. თქვენ ნახეთ, რამდენი ვიწვალეთ, რომ ეს ბრძოლა აქამდე მოსულიყო. ვფიქრობთ, რომ დღეს დასრულდა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ დავმსხდარიყავით მათთან და ეს მოჩვენებითი დიალოგები გაგვემართა ან გავმართოთ. ამიტომ, დღეს ჩვენი მოთხოვნებია მკაფიო:

კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა. უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან და რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის გადაცემას კერძო საკუთრებაში მთლიანად და ზოგადად, გაუქმდეს ის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით.

ასევე, მოვითხოვთ მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ საზოგადოების აზრი იქნეს გათვალისწინებული ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამაში უნდა იყოს ჩვენი ყველას ჩართულობა, რადგან ეს ეხება თითოეულ ჩვენთაგანს. ჩვენ გვჭირდება პაუზა, დრო იმისთვის, რომ ყველა იყოს ჩართული და გავითვალისწინოთ, მათ შორის, საერთაშორისო პრაქტიკა, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი პროტესტები.

მორატორიუმის გამოცხადება არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა განვითარების ნაწილში. ხშირად გვდებენ ხოლმე ბრალს რომ ჩვენ ვლობირებთ რუსული კოლოვატ/საათების გაყიდვას, ვართ დესტრუქციული ძალა და კამპანია „არა ჰესებს“. ეს ასე არ არის. ჩვენ ამისთვის გვჭირდება ეს პაუზა და განსაზღვრა ენერგოპოლიტიკისა, რომელიც დღეს ქვეყანას არ აქვს და ასე ქაოტურად ხდება პროცესის წარმართვა და უბრალოდ, ყველა ხეობის დაბეტონება. გაუგებარია ვისთვის და რისთვის. ის, რომ იკვეთება კონკრეტულად ვიწრო ინტერესები ამა თუ იმ პერსონის და ჩინოვნიკების, ამას ჩვენ უკვე 209 დღეა ვამბობთ.

ამავდროულად, ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.

ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის, გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან გააკეთა ქუთაისში. როცა გვაბრალებენ, რომ დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით 8 ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შენობიდან. ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო შემდეგ აქციაზე ჩვენ მოვითხოვეთ მისი გადადგომა. დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი და აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირზე, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესია, რომ ინსტიტუციებს, რომლებიც ფორმალურად მაინც არსებობენ ამ ქვეყანაში, მივანიჭოთ თავიანთ ფუნქცია და ვალდებულება და ვაკონტროლოთ რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, უნდა დადგეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხიც და ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ხელშეკრულების გაფორმებით შეცდომა დაუშვა.

„ხვალ, 12 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო. ჩაირთო ეს წამზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ეს მოთხოვნა თუ არა. ჩვენი მოქმედება განსაზღვრულია და ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე.

თუ ხვალ, 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად. ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რიონის ხეობაში შვიდი თვეა, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. გასული წლის ოქტომბერში რამდენიმე ადამიანის მიერ დაწყებული პროტესტის მასშტაბი ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალა, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს.

ამასთან, თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რის გამოც მათ თბილისის საპროტესტო აქცია დააანოსნეს.

მთავრობა აცხადებს, რომ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულია მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პარალელურად, მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩართვის მიზნით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე მოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა.

რიონის ხეობაში ინვესტორი კომპანია მასშტაბურ მშენებლობას ახორციელებს, რასაც ის და მთავრობა „მოსამზადებელ სამუშაოებს“ უწოდებენ.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]