weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა დაბრუნების წინ გუმათში რკინის კედელი აღმართეს

14:17 ოთხშაბათი, 26 მაისი 2021
ფოტო: ლაშა მესხი / Facebook ფოტო: ლაშა მესხი / Facebook

სოფელ გუმათში, სადაც 3 აპრილიდან პოლიციის ბლოკპოსტია განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რკინის კედელი ხელახლა აღმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზვიად გოდოლაძემ დაუდასტურა.

კედლის აღმართვის გადაწყვეტილება სავარაუდოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა თბილისიდან ხეობაში დაბრუნებისა და ინვესტორი კომპანია „ენკა რინიუებლზისთვის“ სამშენებლო სამუშაოებში ხელის შეშლის შესახებ განაცხადა.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა“, – თქვა გოლეთიანმა გუშინ.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობის მიმართულებით მას შემდეგ გაემართებიან, რაც 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე აქცია დასრულდება.

სამართალდამცველებმა გუმათში რკინის კედელი პირველად 14 აპრილს აღმართეს და ამ ფორმით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში შესასვლელად დამატებითი ბარიერი შეუქმნეს. მას შემდეგ რაც პროტესტი გამწვავდა, 15 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისის მერიის შენობაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა. დიალოგის დასაწყებად ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა სამი პირობა დააყენეს. რკინის კედლის აღება და ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა ამ სამი პირობიდან ერთ-ერთი იყო. 17 აპრილს კედელი ნაწილობრივ მოხსნეს. მაშინ, იმერეთს გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რომ რკინის ბარიერის დარჩენილი ნაწილი სიტუაციის შესაბამისად მოიხსნებოდა. 24 აპრილს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებზე მთავრობის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი – ხეობაში პოლიციელების შემცირებული რაოდენობა დარჩა და აქციის მონაწილეებს შესთავაზეს, მათთან კოორდინაციით გაეშალათ კარავი. ამასთან, მთავრობამ უარი თქვა ჰესის მშენებლობის სამუშაოების შეჩერებაზე. შესაბამისად, მხარეებს შორის დიალოგის დაწყებაზე შეთანხმება არ შედგა. 

23 მაისს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობიდან თბილისში გადაინაცვლეს. მათ რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს და მსვლელობები მოაწყეს, ხოლო დღეს, 26 მაისს რიონის ხეობაში დაბრუნებას აპირებენ. კომპანიას ხეობაში მასშტაბური მშენებლობა აქვს დაწყებული, რასაც ის და მთავრობა „მოსამზადებელ სამუშაოებს“ უწოდებენ.

საპროტესტო მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ითხოვენ, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამოხვანის ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]