weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

ჭყონდიდის ეპარქიაში სკოლა-პანსიონის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა

15:28 სამშაბათი, 01 ივნისი 2021 hits 415
ფოტოზე - მეუფე სტეფანე ფოტოზე - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

როგორც გაფიცულები ამბობენ, მაშინ, როდესაც ეპარქიას და სკოლა-პანსიონს ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) მართავდა, ხელფასზე დამატებით 100 ლარს იღებდნენ, ახლა კი ამ თანხის ნაცვლად 44 ლარი ჩაურიცხეს.

„ვითხოვდით იმის ანაზღაურებას, რაც დაგვაკლეს და ველოდით ამ ხელფასს. ჩაგვერიცხა დამატებით 44 ლარამდე, რაც სამარცხვინო ხელფასია დღევანდელ დღეს. დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე ჩვენ, ტრაპეზარები აქ ვართ. სამსახურზე უარს არ ვამბობ, უბრალოდ, გამოვხატეთ პროტესტი“, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

სატრაპეზოს თანამშრომლები ეპაქრიის მმართველთან, მეუფე სტეფანესთან შეხვედრას ითხოვენ.

„მეუფემ შემოგვითვალა, რომ რამდენიმე დღეში, მოცლის შემთხვევაში, შედგება დიალოგი, გვექნება კითხვები და გაგვცემს პასუხს. ამ გადაწყვეტილების გამო თანამშრომელთა ნაწილმა აღადგინა სამუშაო პროცესი“, – აღნიშნა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიიდან თებერვალში გათავისუფლდა. წმინდა სინოდმა მის ნაცვლად მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) დანიშნა. მეუფე სტეფანემ სკოლა-პანსიონის თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით მედიასთან მხოლოდ ის თქვა, რომ ეს საკითხი ტელევიზიების გადასაწყვეტი არ არის. გარდა ამისა, მისი თქმით, ჟურნალისტების საქმე არ არის შეხვდება თუ არა გაფიცულებს.

„ვინ რას დაპირდა, ვინ რას არ უსრულებს - არაფერი ეგრე არ არის, რასაც თქვენ ამბობთ. აქედან გამომდინარე, ტელევიზიის გადასაწყვეტი არ არის სკოლაში შიგნით რაღაც საკითხები. ჩემგან ელოდებიან პასუხს, თქვენგან არა. ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენი სკოლის საქმეებს“, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა და სკოლა-პანსიონის დირექტორმა, მეუფე სტეფანემ.

ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორად მეუფე სტეფანე მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]