weather cur horoscope tv
აგვისტო 16, 2022

სოფელ კალაურში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს

16:02 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს. საფლავს გუშინ, ტაძრის გაწმენდითი სამუშაოების დროს მიაკვლიეს.

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მე-9 საუკუნით თარიღდება და დასახლებული პუნქტიდან 4-5 კილომეტრის მოშორებით, კვირიკეს მთის ძირში მდებარეობს.

„ჩამოშლილი კირის და მიწის ფენა გაგვქონდა, როდესაც სამარხი გამოჩნდა. საფლავის ქვაზე დატანილია წარწერა, რომელსაც სპეციალისტები სწავლობენ. თუმცა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ზედ წერია, რომ აქ განისვენებს კვირიკე რანთა და კახთა მეფე. ამ დრომდე კვირიკე მესამის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. სამარხი მთავარი ტაძრის მარჯვნივ, სამხრეთ სამლოცველოში მდებარეობს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტაძრის სწორედ ამ ნაწილში იკრძალებოდნენ მეფეები“, - ამბობს კალაურის ეკლესიის მოძღვარი მამა ილია ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, XI საუკუნეში, კვირიკე III-ის მეფობის დროს, ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დიდი მონასტრის ნაწილი იყო. ტაძრის გარშემო გალავნის და შენობის ნანგრევებია შემორჩენილი, სადაც სავარაუდოდ სატრაპეზო ან საგანმანათლებლო ცენტრი უნდა ყოფილიყო. აღმოჩენილია უძველესი საძვალეც.

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ეკლესიის რესტავრაცია დაახლოებით სამი წელია მიმდინარეობს. ძეგლს მეცნიერი თამაზ დვალი სწავლობს.

კვირიკე მესამე კახეთ-ჰერეთის მეფე იყო 1010-1037 წლებში. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. მანამდე კახეთის მთავრებს ქორეპისკოპოსები ერქვათ. კვირიკემ სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ: რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის. სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. აღსანიშნავია, რომ კვირიკე III-ის მმართველობის დროს, ალავერდის მონასტერში ძველი პატარა ეკლესიის ადგილას დღეს არსებული წმინდა გიორგის ტაძარი აშენდა.

ისტორიულ წყაროებში კალაური პირველად 1392 წელს საკათალიკოსო სოფლების ნუსხაში გვხვდება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]