weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

გაფრთხილების გარეშე ისროლეს – დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ძმა

21:40 სამშაბათი, 01 ივნისი 2021

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის მონაწილის, 29 წლის ირაკლი მუკბანიანის ძმა, ბესიკ მუკბანიანი აცხადებს, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა და დაკავების დროს ორი ადამიანი დაჭრა.

ირაკლი მუკბანიანი დღეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებული 29 მაისს, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

ბესიკ მუკბანიანის თქმით, მისი ძმა სამართალდამცველებს არ ემალებოდა და შეეძლოთ, ძალის გამოყენების გარეშე დაეკავებინათ.

„ჩემი ძმა დიდი ხანია ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაში იყო ჩართული. ორი-სამი დღის უკან აქციის მონაწილეებთან ერთად უნდოდა ნამახვანჰესის მიმართულებით გასვლა, მშვიდობიანი პროტესტით, რამაც პოლიციის მხრიდან გამოიწვია ჯიკავი, მოწოლა, ჩვენი მხრიდანაც ასეთი რაღაც იყო. დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან ასეთი რაღაც, მოიქნია ხელი, მოხვდა ხელი და ა.შ. იმის შემდეგ სამი დღე გავიდა. ჩემი ძმა არც მიმალვაში ყოფილა, ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა ქალაქში, სოფელშიც ჩამოვიდა. დღეს ჩვენი მეგობრის გარდაცვლილი მამის საფლავს აკეთებდნენ. თანასოფლელები, მეზობლები, ახლობლები ყველა ერთად იყვნენ. გაფრთხილების გარეშე მოცვივდნენ, რაც არ იყო საჭირო.

გამაფრთხილებელი ჰაერშიც გასროლა არ გაუკეთებიათ, პირდაპირ ფეხებში აქვთ ნასროლი საბრძოლო ტყვიები „მაკაროვის“ ცეცხლსასროლი იარაღიდან. არის რეზინის ტყვიებიც. ორი ადამიანი დაჭრილია ფეხის არეში.

პოლიციას შეეძლო ჩემი ძმის მშვიდობიანად აყვანა. წყალტუბოს პოლიციის უფროსი თუ რიგითი პოლიციელი მოსულიყო სახლში, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, წაყვებოდა. ზედმეტი იყო ყველაფერი“, – განაცხადა ბესიკ მუკბანიანმა „მთავარ არხთან“.

ოჯახი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ირაკლი მუკბანიანის დაკავების დროს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სამართალდამცველებს თავს დაესხნენ.

„ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას.

ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი სროლის შედეგად დაჭრილთა შესახებ.

ირაკლი მუკბანიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]