weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მშობლებს შვილებს სტაცებთ? – მეუფე სპირიდონის ზეწოლა ბავშვებსა და სოციალურ მუშაკებზე

11:05 შაბათი, 05 ივნისი 2021
ფოტოზე - კადრები გავრცელებული ვიდეოებიდან ფოტოზე - კადრები გავრცელებული ვიდეოებიდან

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელია, ცდილობს ხელის შეუშალოს სოციალურ მუშაკებს აღსაზრდელების პანსიონიდან გაყვანაში.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ბავშვები, რომლებმაც სავარაუდოდ პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვეს, მეუფე სპირიდონმა კაბინეტში შეიყვანა, მათ მშობლებს/მეურვეებს დაურეკა და ჰკითხა, სურთ თუ არა, ბავშვებმა პანსიონი დატოვონ. საუბარს ორი სოციალური მუშაკი და პანსიონის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. ვიდეოები მეუფე სპირიდონის მითითებით არის გადაღებული და დაუფარავადაა ნაჩვენები ბავშვების სახეები. ერთ-ერთი გოგონა ტირის კიდეც.

„აი, დაელაპარაკეთ თქვენს შვილს, ტირის. ესენი აიძულებენ, გინდა თუ არა სხვაგან უნდა წაგიყვანოთო“, – ეუბნება მეუფე სპირიდონი გოგონას შესახებ ქალს, რომელიც, როგორც მალევე ირკვევა, ორი სხვა ბავშვის დედაა.

„ესე იგი, ჩვენ თქვენს გარეშე ბავშვი არავის გავანატოთ, ხომ?“, – აგრძელებს მეუფე.

„მე წინააღმდეგი ვარ პანსიონის გარდა ჩემი შვილები სადმე წაიყვანონ. მე ჩამოვალ ხვალ იქნება, თუ ზეგ, როცა საჭირო იქნება, სანამ სწავლა გრძელდება. დათხოვილები ხომ იქნებიან 15-დან? ჩემი შვილები სამთვიანზე მომყავს ჩვეულებრივ. თუ ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, ისევ მანდ გააგრძელებენ სწავლას, იმიტომ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ მანდაურობით. თუ ვინმეს კითხვები აქვს, დამიკავშირდნენ. რაც ჩემი თვალით ნანახი მაქვს, არ არსებობს ეგეთი ძალადობა და რაღაცები“, – ამბობს ორი ბენეფიციარის მშობელი მეუფის შეკითხვის საპასუხოდ.

ამის შემდეგ სპირიდონი სოციალურ მუშაკებს მიმართავს და ეკითხება, როდესაც დედა წინააღმდეგია, რა უფლებით გაჰყავთ ბავშვი?

„ვინ მოგცათ თქვენ ამის უფლება. სად მიგყავთ ბავშვები? ესე იგი, სტაცებთ მშობლებს შვილებს? მშობელს უნდა, რომ აქ იყვნენ. ეს არის დაყაჩაღება ბავშვების მშობლებზე, რაც თქვენმა უწყებამ რამდენჯერმე გააკეთა. ნუ იქცევით ასე, ეს არის დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე; დანაშაული ამ მშობლის და იმ ბავშვის წინაშე. აი, როგორ ტიროდა ეს ბავშვი“, – მიმართავს სასულერო პირი სოციალურ მუშაკებს, რაზეც ერთ-ერთი მათგანი პასუხობს, რომ ახლა ეს ბავშვები მშობლებთან არ არიან.

მეუფე სპირიდონი სამი სხვა ბავშვის ბებიასაც ურეკავს და ეუბნება, რომ პანსიონში მათ ისე უვლიან, როგორც საკუთარ შვილებს და ძალიან საყვარლები არიან. სასულიერო პირი ბებიასაც ეკითხება, საქმის კურსშია თუ არა, რომ სოციალურ მუშაკებს მათი წაყვანა უნდათ.

„არანაირ საქმის კურსში არ ვარ. ძალიან წინააღმდეგი ვარ. მე რომ მდომოდა სოციალური მუშაკისთვის გატანება, თავის დროზე გავატანდი. პანსიონში იმიტომ მოვიყვანე, რომ მანდ მინდა ჩემი შვილიშვილები იყვნენ. თუ იქნებიან, ხომ კარგი, თუ არადა, სხვა ზომებს მივმართავ. სულ რომ გამიჭირდეს, მე წამოვიყვან. ღვთის შეწევნით შევძლებთ, რომ მაგათგან [სოციალური მუშაკებისგან] როგორმე დავიცვათ ეს ბავშვები“, – ამბობს ქალი.

მეუფე სპირიდონისა და ბავშვების საუბრიდან ირკვევა, რომ ვიდეო მას შემდეგ არის ჩაწერილი, რაც პანსიონიდან 6 არასრულწლოვნის გაყვანა უკვე მოხდა. სასულიერო პირი ბავშვებს ეკითხება, როგორ წაიყვანეს ექვსი ბავშვი და რა სიტუაციაა ახლა.

„რა უნდათ ახლა იმ ბავშვებს?“, – ეკითხება სხალთელი მთავარეპისკოპოსი ბავშვებს.

„ისევ აქ მობრუნება. თავიდანვე არ უნდა ეთქვათ, ასეთი პირობები რომ იყო. პირიქით, აქ რომ პირობებია, რა ვიცი...“, – ამბობს ბავშვი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის, ანა აბაშიძის შეფასებით, გავრცელებული ვიდეო ამტკიცებს, რომ პანსიონატში ბავშვებზე ძალადობენ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამგვარ ვიდეოებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სასამართლოში ძალადობის დასამტკიცებლად იყენებს ხოლმე.

მეუფე სპირიდონი არის მოძალადე და ის ჩადის ძალადობრივ დანაშაულს ბავშვების მიმართ და სახელმწიფო არის თანამოზიარე. ეს არის ჯგუფური დანაშაული.

ეს ხალხი შორს უნდა იყვნენ არასრულწლოვნებისგან, არათუ სააღმზრდელო ფუნქცია უნდა ჰქონდეს მინიჭებული სახელმწიფოს მხრიდან. რასაც ვუყურებთ, ეს არის ჯალათების მოპყრობა ბავშვების მიმართ. სახელმწიფოს ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ფინანსურადაც და მორალურადაც. ჯერ უნდა გამოეყვანათ ბავშვები, რათა ეს არ მომხდარიყო. ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. მოსამართლეს შეეძლო ეს თავიდან აეცილებინა“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ითხოვს, რომ მოსამართლემ მეუფე სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს.

„ჩვენ ჩამოვწერეთ ეს ვიდეოები და ახლა მოსამართლეს უდევს მაგიდაზე. ეს არის ბოლო ლურსმანი ჩვენი შუამდგომლობისა, რომელიც ჭეშმარიტების დონეზე ამბობს, რომ ეს პანსიონი არის ძალადობის ბუნაგი“, – აღნიშნა იურისტმა ანა აბაშიძემ.

წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. იქ მყოფ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 15 აპრილს, პანსიონის ადმინისტრაციამ, მეუფე სპირიდონის მითითებით, დაწესებულებაში არ შეუშვა სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომელთაც მონიტორინგის ჩატარება სურდათ.

„მოსულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელები და ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ იქნენ იქ შეშვებული.

რატომ? იმიტომ არ შეუშვეს, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ოფიციალურად ითხოვს ერთსქესიანთა ქორწნების დაკანონებას. ჩემი პირადი აზრია, რომ მაგ ხალხის შეშვება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას, აი ამიტომ. იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში და ბავშვებთან მიშვება არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის წაბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. იქ ორი ეკლესიაა და თითქმის ყოველდღიური წირვებია. ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად ვერ მივცემ“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

7 მაისს, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფოს დაავალა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების პანსიონში შესვლა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო, თუმცა ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებიც ვერ შედიოდნენ. სააგენტომ ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ დაადასტურა, რომ შესვლის პრობლემა ნამდვილად ჰქონდათ, რასაც პანსიონის ადმინისტრაცია პანდემიით ხსნიდა. მერი მაღლაფერიძემ გუშინ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის საშუალება მიეცა, პანსიონის დატოვების სურვილი ექვსმა არასრულწლოვანმა გამოთქვა და ისინი დაწესებულებიდან უკვე გამოიყვანეს, კიდევ ათ ბავშვთან კი მუშაობა მიმდინარეობს.

ამჯამად პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს განახორციელეს. ლომჯარია ინფორმაციით, მაშინ, ბავშვებთან გაუსაუბრების პროცესში მეუფე სპირიდონი და პანსიონში მყოფი სხვა პირები ჩაერთნენ, რომლებმაც საკმაოდ უხეში ფორმით აიძულეს მისი წარმომადგენლები ინტერვიუ შეეწყვიტათ და პანსიონი დაეტოვებინათ. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით განცხადებები მაშინაც გააკეთეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]