weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

სასამართლოს განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს – სახალხო დამცველი

21:45 შაბათი, 05 ივნისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ ყველა ბავშვზე და არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნებზე.

მოსამართლე ივანე ღლონტმა დღეს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი. მოსარჩელე მხარე ითხოვდა სასამართლოს დაევალდებულებინა მოპასუხე მხარე – ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ნინოწმინდის პანსიონში ამჟამად მყოფი ყველა ბავშვი, მათ შორის, შშმ ბავშვები, დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გაეყვანათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს დაევალა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყონ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა. რაც შეეხება სხვა ბავშვებს, მოსამართლემ მიუთითა, რომ მათთან მიმართებაში PHR-ს არ გააჩნია უფლებამოსილება, წარადგინოს შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე.

სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოს განჩინება ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს.

„არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ თითქოს საფრთხე მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არსებობს.

საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელსაც მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს. შესაბამისად, სასამართლო, შეზღუდული იყო გადაწყვეტილება მიეღო პანსიონში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარზე.

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დაწესებულებაში სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაქტობრივად 10 თვის განმავლობაში არ ხორციელდებოდა, აღდგენის შემდეგ კი ზედამხედველობა შეფერხებებით და არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რაც არასრუწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების აშკარა ხარვეზებზე მეტყველებს. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, შშმ ბენეფიციარების ოფიციალური სტატისტიკა არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერსების მაქსიმალური დაცვით, რათა მათ შორის, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამწვავება.

„ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მულტიდიციპლინური მიდგომით უნდა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის და მისი ოჯახის შეფასება და უპირატესად უნდა იქნეს განხილული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების საკითხი, საჭიროებისამებრ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება. ერთხელ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა მყისიერად, ბავშვების ინტერსებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მოხდეს სასამართლო განჩინების აღსრულება“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 47 არასრულწლოვანი იმყოფება. PHR-ის ინფორმაციით, მათთვის სახალხო დამცველის წინა წლების ანგარიშებიდან ცნობილია, რომ პანსიონში შშმ ბავშვებიც არიან. „რეგინფოს“ ჯანდაცვის სამინისტროში არ უთხრეს, რამდენი შშმ ბავშვი იმყოფება ნინოწმინდის პანსიონში ან არიან თუ არა საერთოდ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]