weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ადიგენის პოლიციის უფროსს 28 წლის კაცისთვის ნარკოტიკების ჩადების მუქარაში ადანაშაულებენ

11:36 ოთხშაბათი, 09 ივნისი 2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში დაკავებული 28 წლის მამაკაცის მშობლები აცხადებენ, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მათ შვილს სცემეს, სამმართველოს უფროსი თამაზ ფაილოძე კი ხელყუმბარისა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა.

გოჩა აზირაშვილი გუშინ, 8 ივნისს დააკავეს. როგორც დაკავებულის დედამ, ეკა აზირაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, მისი შვილი სოფლის ცენტრში იმყოფებოდა და პოლიციელებმა უსაფუძვლოდ, ძალის გამოყენებით დააკავეს, რის შემდეგაც დანგრეულ შენობაში წაიყვანეს და სცემეს. 

„სულ ტყუილ უბრალოდ, არაფერი ჩაუდენია, აიყვანეს სცემეს და ბორკილებით ჩამოიყვანეს ნარკოლოგიურში, ახალციხეში. მანამდე კი სადღაც წაიყვანეს და ვინც ადიგენის პოლიციაში იყო ყველამ სცემა, მათ შორის პოლიციის უფროსმა, თამაზ ფაილოძემ. შვილმა მითხრა – მეტყობა მუცელზე ნაცემიო. ფაილოძეს ხელში ეჭირა „ლიმონკა“, ექვსი წელი მინიმუმ ჩაგსვამო – ასე უთქვამს. ეს პოლიციის უფროსი სულ ეუბნებოდა ჩემს შვილს წადი საერთოდ ქვეყნიდანო“, – განაცხადეს მშობლებმა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტთან იმყოფებოდნენ და სამართალდამცველებისგან განმარტებას ითხოვდნენ.

დედის ინფორმაციით, დაკავებამდეც, მის შვილს პოლიციელები სახლთან უთვალთვალებდნენ, რათა ნარკოტიკი ან იარაღი ჩაედოთ, „რაც ერთხელ უკვე გააკეთეს“. როგორც ეკა აზირაშვილი ამბობს, ამის გამო ადიგენის პოლიციაშიც იყო მისული, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია.

„იძულებული ვიყავი თბილისში წავსულიყავი და უფლებადამცველებისათვის მიმემართა, პარლამენტშიც ვიყავი და პრემიერ-მინიტრის სახელზეც დავწერე წერილი“, – აცხადებს ეკა აზირაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 28 წლის მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამ მუხლის მიხედვით, სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

28 წლის მამაკაცის საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]