weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

რა გასაკვირია უფროსმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, ძალა გამოიყენოს – მეუფე იაკობი

13:42 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 hits 126

ცალკეულ ადამიანებს მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ, ურტყამენ. რა გასაკვირია, იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს, ხო?!, განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას.

როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, „მაინც თვლის, რომ ადამიანი ვირი არ არის და ცემა არ არის აუცილებელი“.  

„თუ რამე დარღვევა იყო, აუცილებლად ყველაფერი გამოკვლეული უნდა იყოს, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ. რა თქმა უნდა, დამნაშავე დაისჯება, მაგრამ თუ რამეს ვაბრალებთ... უნდა შევეცადოთ ხოლმე... ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე... იცით რა არის? ერთია დარღვევა და შეიძლება ძალიან ცუდად იქცეოდე ადამიანი, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, უბრალოდ გრანტებზე მონადირეები.

თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც გაუპატიურებას ამბობენ, ფაქტი ხომ უნდა იყოს? ფაქტი თუ იყო, უმკაცრესად დაისჯებიან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, პანსიონების წინააღმდეგია, რადგან იქ ბავშვები იჩაგრებიან.

„ბავშვებს სახლში უნდათ და რომ ეტყვი, აქ გინდა თუ დედიკოსთან და მამიკოსთანო, სახლში ენდომება. ცოდოები არ არიან ასე? მაშინ ოჯახებს გადაუხადონ ფული. მეუფე სპირიდონს უნდოდა, იქ ქართულ სიტყვას და ქართულ სულს ეცხოვრა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც შორს ვერ იყურებიან. დამნაშავე ვინც არის, ბოლომდე უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

2 ივნისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში, ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის მოქმედი და ყოფილი აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.

5 ივნისს, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დროებითი განჩინება მიიღო. განჩინებით ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყონ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა. რაც შეეხება სხვა ბავშვებს, მოსამართლემ მიუთითა, რომ მათთან მიმართებაში PHR-ს არ გააჩნია უფლებამოსილება, წარადგინოს შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე.

მოსარჩელე მხარე, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, მიიჩნევს, რომ დროებითი განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა. საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სრულფასოვანი მონიტორინგი ბოლოს 2018 წელს ჩაატარა. მას შემდეგ იქ სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირდონის დავალებით არ უშვებდნენ.

 

ამ თემაზე:

რა თქვეს ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებმა სახალხო დამცველთან – ლომჯარიას განცხადება

მოსამართლე დაეყრდნო არასამთავრობოების ცილისწამებას – მეუფე სპირიდონი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]