weather cur horoscope tv
იანვარი 28, 2023

მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად დაინიშნა

18:36 ორშაბათი, 14 ივნისი 2021

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) ააიპ საქართველოს საპატრიარქოს ნინოწმინდის წმიდა ნინოს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის დირექტორად დაინიშნა. წლების განმავლობაში დაწესებულებას სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ხელმძღვანელობდა, რომელიც პანსიონში სახალხო დამცველის მიერ მონიტორინგის ჩატარების წინააღმდეგი იყო.

საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განმარტა, რომ მეუფე სპირიდონმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„რა თქმა უნდა, ეს შეთანხმდა მის უწმინდესობასთან. სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული პანსიონის დირექტორად დღეს მეუფე იაკობი დაარეგისტრირა“, – განაცხადა იურისტმა.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ პანსიონის „გარდაქმნა უნდა მოხდეს ევოლუციურად და არა რევოლუციურად“.

„დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდათ. აქ ძალადობით არავის ტოვებენ. მეუფე სპირიდონი აპირებდა იმის გაკეთებას, რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. დაახლოებით ერთ წელიწადში რეორგანიზაცია ხდებოდა. გავაგრძელებ იმ საქმეს, რაც იყო და ვფიქრობ, რომ ხარისხიანადაც გავაკეთებთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 23 არასრულწლოვანია. მეუფე იაკობის თქმით, პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობენ, იქ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და მათ დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ. ამასთან, ბოდელმა ეპისკოპოსმა არ დააკონკრეტა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლების შესვლასთან დაკავშირებით. როგორც მან თქვა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს ჩაატარა, რამაც ბავშვთა მიმართ ძალადობა და დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. მონიტორინგის განხორციელება წელს იყო დაგეგმილი, თუმცა 15 აპრილს, მეუფე სპირიდონის მითითებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში არ შეუშვეს. მეუფე სპირიდონი მიიჩნევს, რომ ბავშვებთან სახალხო დამცველის მიშვება უმძიმესი დანაშაულია.

7 მაისს გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც საქართველოს დაევალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული.

3 ივნისს, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა პანსიონის მოქმედი და ყოფილი აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.

5 ივნისს, სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ პანსიონში მყოფი შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ გადაეყვანათ სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. მოსარჩელე მხარე და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ დროებითი განჩინება პანსიონში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, რადგან მოსამართლემ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში ზოგადად არსებული მდგომარეობა. საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]