weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მაჩალიკაშვილის საქმეზე რიგი საკითხები პასუხგაუცემელი დარჩა – სახალხო დამცველი

13:39 პარასკევი, 18 ივნისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურამ რიგ საკითხებზე პასუხი არ გასცა. მაჩალიკაშვილის საქმე სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც მოხვდა.

სახალხო დამცველი 2018 წლიდან მოუწოდებდა პარლამენტს, ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი გამოეყენებინა იმისთვის, რათა უზრუნველეყო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ეფექტიანი ყოფილიყო. პარლამენტის მისამართით ასევე გაიცა წინადადება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

„სამწუხაროდ, 2020 წლის 25 იანვარს, პროკურატურამ, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის საფუძვლით, გამოძიება შეწყვიტა. სახალხო დამცველის აპარატი საქმის მასალებს სრულად გაეცნო და გამოავლინა რიგი საკითხები, რომელსაც გამოძიების მხრიდან პასუხი არ გასცემია. კერძოდ, გამოძიებას არ მოუპოვებია რაციის ჩანაწერები, ოპერაციის მიმდინარეობასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სპეცოპერაციების პერიოდში ერთმანეთს შორის სატელეფონო კომუნიკაციის, ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო პროგრამებისა და სოციალური ქსელების საშუალებით დამყარებული კომუნიკაციის ამსახველი სრული ინფორმაცია.

შესაბამისად,

2020 წლის 27 მარტს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას საქმის განახლებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართა. სამწუხაროდ, გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის ეს წინადადება არ გაიზიარა“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. ისინი დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე. 2019 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მისი არსებითი განხილვა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]