weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აქციის მონაწილეებს ჟონეთსა და ნამოხვანში 13 ლოკაცია შევთავაზეთ – გუბერნატორი

22:47 შაბათი, 19 ივნისი 2021

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე სოფელ გუმათში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერებს შეხვდა. როგორც მან განაცხადა, მთავრობამ აქციის მონაწილეებს 13 ალტერნატიული ადგილი შესთავაზა რიონის ხეობაში პროტესტის გასაგრძელებლად.

ზვიად შალამბერიძის განმარტებით, ის ადგილი, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თავიდან მართავდნენ აქციას, კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული და ამ საკითხზე დავა მიმდინარეობს, ამიტომ, იქ კარვების გაშლა შეუძლებელია.

„აქციის მონაწილეებს 13 ლოკაცია შევთავაზეთ სოფელ ჟონეთსა და ნამოხვანში. მათ განაცხადეს, რომ პირველ რიგში დაათვალიერებენ ამ ტერიტორიებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ მედიაციის პროცესი გაგრძელდეს, მოხდეს შეხვედრა და იმ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რომელიც გადასაწყვეტი რჩება“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუმათჰესთან აღმართული რკინის ჯებირები 17 ივნისს აიღო, თუმცა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არიან, რიონის ხეობაში შესვლის უფლებას კვლავ არ აძლევენ. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, საჭიროა მოიძებნოს ტერიტორია, სადაც კარავს განათავსებენ.

გუშინ, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მთავრობისა და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრების შეხვედრის შემდეგ, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ არ აპირებენ ხეობაში პროტესტი „მეათეხარისხოვან ადგილზე“ გააგრძელონ და მათთვის მნიშვნელოვანია იმ ადგილზე მისვლა, სადაც დაახლოებით ორი თვის წინ პოლიციამ კარვები დაურბიათ. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე შეიტყვეს, რომ რიონის ხეობაში მათ შესვლაზე უარს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რიონიუებლზი“ ამბობს.

იმ შემთხვევაში, თუ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების მიზნით გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემათ, ევროპელი მედიატორის მონაწილეობით შემდეგი შეხვედრა გაიმართება, სადაც კომპანიის მიერ სამუშაოების შეჩერების საკითხზე იმსჯელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]