weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხონის პოლიციის თანამშრომლებს 27 წლის მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ

16:54 სამშაბათი, 22 ივნისი 2021
ფოტო თორნიკე კაკაურიძის Facebook გვერდიდან ფოტო თორნიკე კაკაურიძის Facebook გვერდიდან

ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს 27 წლის თორნიკე კაკაურიძის ცემაში ადანაშაულებენ. შემთხვევა წუხელ, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კაკაურიძის დაკავებისას დაზიანებები პოლიციელმაც მიიღო.

იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, დავით ჯანაშიას ინფორმაციით, თორნიკე კაკაურიძე მათთან დილის 4:10 საათზე შეიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა აქვს და ოპერაციას საჭიროებს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პოლიციელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მათი მხრიდან ძალადობას არერთი თვითმხილველი ჰყავს.

„პოლიციის უფროსის მოადგილემ უნდა გამცეს პასუხი რატომ სცემა ჩემს შვილს, რატომ გაიმეტა, რა ინტერესი ჰქონდა. თუ დააშავა, დაეჯარიმებინა, მანქანა გადაეყვანა საჯარიმოზე, დაეჭირა. რატომ სცემდა? ავტომატით ედგნენ თავზე, რა წინააღმდეგობა გაუწია? საოპერაციოა ფეხზე, ტვინის შერყევა აქვს და კიდევ რა გამოვლინდება, ვინ იცის“, – განაცხადა დაშავებულის დედამ.

„ის, ვინც ამბობს, რომ დაზარალებული ვარ და თორნიკე ხელით შემეხოო, საერთოდ არ მისულა თორნიკესთან, არც თორნიკეს დაურტყია მისთვის. ის მანქანაში იჯდა თუ მანქანისკენ იყო და რომ შეხედა ამდენი ხალხი მოგროვდა, ამოიღო იარაღი და ხალხი დააყენა კუთხეში, არ გაიძრეთო“, – ამბობს თორნიკე კაკაურიძის მამიდა.

შსს-ს თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

შსს აცხადებს, რომ თორნიკე კაკაურიძე ალკოჰოლური თრობის პირობებში მოძრაობდა და 23:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს არღვევდა. სამინისტროს მტკიცებით, პოლიციის მიერ შეჩერებულმა კაკაურიძემ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ბრალდებულის სახით დააკავეს. კაკაურიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]