weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

00:37 ოთხშაბათი, 23 ივნისი 2021

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს სოფელ ქვემო ჭალში შეხვდნენ. როგორც შევედრის შემდეგ მეუფე ანდრიამ განაცხადა, ოჯახს აცნობეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ზაზას გათავისუფლების საკითხზე რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილით მიმართავს.

„მთელმა ოჯახმა თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რათა პატრიარქს გაეწია შუამდგომლობა რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ზაზასთან მიმართებაში.

მისმა უწმინდესობამ ძალზედ გულთან მიიტანა ეს ამბავი, გადაწყდა, რომ პატრიარქის სახელით გაიგზავნება წერილი (წერილი უკვე მზად არის და გადაიგზავნება) რუსეთის პატრიარქისა და ეკლესიისადმი, რათა მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთს ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა დაკავებულია რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ.

ამის თაობაზე ჩვენ, მეუფე დამიანესთან ერთად, ვესაუბრეთ ოჯახს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით ამ მოთხოვნას რა შედეგი მოჰყვება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დაველოდებით პასუხს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის თქმით, გორისა და ატენის ეპარქიის მმართველს, მეუფე ანდრიას ორი დღის წინ შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს.

გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ზაზა გახელაძე თითქმის ერთი წელია საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. მისი ოჯახი აცხადებს, რომ მაისში, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ უკანონო პატიმარი ცხინვალის ციხეს თვის ბოლომდე დატოვებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ზაზა გახელაძის გათავისუფლების გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა 15 ივნისს სოფელ ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრაც, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდიც ესწრებოდა.

დღეს, 23 ივნისს ზაზა გახელაძე 34 წლის გახდა. მისი მამა პროტესტის ნიშნად ე.წ. საზღვრის გადაკვეთას და იმავე გზის გავლას აპირებს, რაც 11 თვის წინ მისმა შვილმა გაიარა უკანონოდ დაკავებამდე. როგორც მიხეილ გახელაძე ამბობს, ღარიბაშვილი მას მეორედ შეხვდა და ურჩია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდეს, გარდა ამისა, პრემიერმა უარყო, რომ მაისის ბოლომდე ზაზას გათავისუფლებას დაჰპირდა. გახელაძეები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციების გამართვასაც აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]