weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

წალკაში ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული გირაოთი გაათავისუფლეს

14:37 შაბათი, 03 ივლისი 2021

წალკაში, სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ გოჩა აფრასიძეს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარე – პატიმრობის შეფარდებას. გოჩა აფრასიძე საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

„მხოლოდ იმ ნაწილში ვგრძნობ თავს დამნაშავედ, რომ თავი ვერ შევიკავე, გოგოსთვის არ უნდა მეგინებინა. ძალიან ვთხოვე ნუ მიღებდა. მე ნუ მიღებდა, თორემ იქ გადაღებას არ ვუშლიდი. ნუ მიღებ, იმიტომ, რომ თქვენი ტელევიზია არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეთქი“, – განაცხადა სასამართლოზე აფრასიძემ.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაზარალებული მხარეც. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილებით ხელისუფლება ჟურნალისტებს ძალას უჩვენებს.

„დღეს სასამართლომ თქვა, რომ მმართველი ელიტის კონტოლირებად დაჯგუფებებს აქვთ უფლება, ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს არის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისთვის ძალის ჩვენება – თუ ისევ დასვამთ კრიტიკულ კითხვებს, ისევ გექნებათ განსხვავებული მოსაზრება, თუ ისევ წახვალთ გაჭირვებული ადამიანების პრობლემების გასაშუქებლად, ჩვენი ზონდერები თქვენ გცემენ, ფიზიკურად გაგისწორდებიან და სასამართლო მათ ციხეში არ გაუშვებს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

სოფელ წინწყაროში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გიორგი აფრასიძის ბიძა სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გოჩა აფრასიძე 30 ივნისს, ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.

ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილის თქმით, ის და მისი ოპერატორი წინწყაროში ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით, სოფელში არსებული პრობლემების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ, მერის წარმომადგენლის ოჯახის წევრები და ახლობლები კი კრიტიკულმა შეკითხვებმა გააღიზიანა. ვიდეოკადრებში, რომელიც „პირველმა“ გამოაქვეყნა, ჩანს, როგორ აგინებს გოჩა აფრასიძე გადამღებ ჯგუფს, ოპერატორს ემუქრება „კბილების ჩამოღებით“, მიკროფონს ღრუბელს აძრობს და ჟურნალისტს ესვრის. წინწყაროში მერის წარმომადგენელმა, გიორგი აფრასიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ მისი ბიძა ტვ „პირველის“ მხრიდან პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

გოჩა აფრასიძეს ბრალად ძალადობა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ედება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აფრასიძეს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]