weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა „ღირსების მარშის“ უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყოს

16:44 შაბათი, 03 ივლისი 2021

ქალაქ ამსტერდამის მერმა, ფემკე ჰალსემმა თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, მიიღოს აუცილებელი ზომები იმისთვის, რომ 5 ივლისს, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ღირსების მარში უსაფრთხო გარემოში ჩაატარონ.

ამსტერდამის მერის წერილს „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს. წერილში ფემკე ჰალსემა წერს, რომ თბილისში მცხოვრებმა მამაცმა ლგბტ აქტივისტებმა აიღეს ინიციატივა და თბილისში პრაიდის კვირეულს ატარებენ, რომლის პროგრამა დედაქალაქის ქუჩებში მარშის ჩატარებასაც ითვალისწინებს.

„ამსტერდამში, წლების განმავლობაში, პრაიდი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ლგბტ თემის ხილვადობის გაზრდისთვის. ხილვადობამ გამოიწვია ლგბტ ადამიანების პოზიციის გაგება და მიგვიყვანა საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებამდე. დარწმუნებული ვარ, პრაიდი და 5 ივლისს დაგეგმილი მარში შესაძლოა გახდეს ასეთი ცვლილების დასაწყისი თქვენს ქვეყანაში, ცვლილებისა, რომელსაც, თქვენ, როგორც თბილისის ყველა მაცხოვრებლის მერი, დარწმუნებული ვარ, მიესალმებით.

მოგიწოდებთ, მიიღოთ ყველა შესაბამისი ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხოდ და დაცულად შეძლონ პრაიდის მარშში მონაწილეობა. მთავრობას აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ასეთი ღონისძიება უსაფრთხოდ ჩატარდეს.

ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო განცხადება, რომ გამოყენებული იქნება ხელთ არსებული ყველა საშუალება პრაიდის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მე მივესალმები და დავაფასებ თქვენი ოფისის მხრიდან ასეთ განცხადებას, – ნათქვამია ამსტერდამის მერის წერილში.

ფემკე ჰალსემა აღნიშნავს, რომ 5 ივლისის მარშს ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად, ამსტერდამის პრაიდის ელჩი ჰანს ვერხოვენიც დაესწრება.

დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ, ის ისაუბრებს წარმატებულ, მშვიდობიან და უსაფრთხო პრაიდზე, – აღნიშნავს ფემკე ჰალსემა.

რაც შეეხება თბილისის მერის პოზიციას, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. მისი თქმით, „არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან“. ამასთან კალაძე ამბობს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

პრაიდის კვირეულს, რომელიც წელს 1-ელ ივლისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება, მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ მართავს. მოძრაობის მიზანია ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, რომელშიც ლგბტქი ადამიანები არიან დაცულები, მიღებულები, თავისუფლები და სხვა მოქალაქეების თანასწორები. პრაიდის კვირეულის ფარგლებში პირველ ივლისს უკვე გაიმართა პირველი ღონისძიება. დახურულ სივრცეში ფილმის ჩვენებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გარეთ კი პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი და ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ადმინისტრაციული წესით 23 პირი დააკავეს. მათგან 20 მეორე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში დღეს, 3 ივლისს, ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით „პრაიდ ფესტივალია“ დაგეგმილი, ხოლო 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარში“ ჩატარდება. სხვადასხვა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები „ღირსების მარშის“ ჩაშლითა და ძალადობით იმუქრებიან.

პრაიდის კვირეულის დაწყებამდე ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, უზრუნველყოს მათ მიერ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა. ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) და დიპლომატიურმა მისიებმაც.

პრაიდის კვირეულის წინააღმდეგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ღონისძიება პროვოცირების ნიშნებს შეიცავს და კონფლიქტში შედის „საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან“. საპატრიარქომ ხელისუფლებას მიმართა – „აარიდოს ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას გარდაუვალი შფოთი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]