weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

09:35 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021

თბილისში, პარლამენტის წინ, ძალადობის წინააღმდეგ მდუმარე აქციის დასრულების შემდეგ, ძალადობრივმა ჯგუფებმა გადაინაცვლეს, რომლებიც მანამდე პოლიციის კორდონების გარღვევას და მშვიდობიანი აქციის ჩაშლას ცდილობდნენ. მათ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, შემდეგ კი დაწვეს.

„გუშინ ეს დროშა დავუშვით და საქართველოსი აღვმართეთ. როგორც ჩანს, მაგათმა ვერ გაიგეს. დღეს ეგ არა მარტო ჩამოიხსნა, ნაკუწებად იქცა და დაიწვა. სანამ მაგათი ელჩები არ მოვლენ და არ იტყვიან, რომ საქართველოში როგორი წესებია, ეს მხოლოდ ამ ხალხის სათქმელია და თვითონ დაეტევიან თავიანთ საელჩოებში, მანამდე მაგათი ადგილი არ არის. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ქართველ ერს მაგათი ჭკუის სწავლება არ სჭირდება“, – განაცხადა კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ევროკავშირის დროშა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა პირველად 5 ივლისს ჩამოხსნეს. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ეს ფაქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. ძალადობის და ოფისის დარბევის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

მანამდე ევროპარლამენტის წევრები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, „ღირსების მარშის“ მონაწილეები და მათი შეკრების თავისუფლება დაეცვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]