weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

„საროჩკა“ შემოიხია, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და იქ დაიწყო ჩხუბი – მიტროპოლიტი ჟურნალისტზე

14:17 ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) აცხადებს, რომ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი რატი წვერავა, რომელსაც სდიეს და სასტიკად სცემეს 5 ივლისის მოვლენების დროს, აგრესიას თავად იწვევდა, პერანგიც თვითონ შემოიხია, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და ჩხუბი დაიწყო. სასულიერო პირი კითხულობს, რატომ უნდა დახმარებოდა მას მღვდელი.

ამ საკითხზე მეუფე იოანემ გუშინ, ქადაგების დროს ისაუბრა.

„ვინც ზნეობრივად, ფსიქოლოგიურად, მედიის საშუალებით, კანონის, მთავრობის საშუალებით ძალადობს ჩვენზე (არა, ხელს არ გვახლებს, უბრალოდ ასე ძალადობს) და ჩვენ რომ პროტესტი გამოვაცხადოთ, ჩვენ ვართ მოძალადეები, ისინი ანგელოზები არიან. საოცარია! ეუბნები, რომ აქ ნუ მოხვალ – არა, მე მინდაო. ნუ მოხვალ, ეს ზონა შენთვის არ არის – არა, მე აქ მინდა, მოვედიო.

გაჰყავთ და რატომ გაგყავართ, ხელით შემეხეთო, წიხლებს იყრევინება. კიდევ უარეს აგრესიას იწვევს. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. ვინ გათრია? გამოგაგდეს, წადი აქედან. „საროჩკა“ სველი ჰქონდა წყლისგან და შემოიხია, გადააგდო, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და იქ დაიწყო ჩხუბი. იძახის მღვდელმა არ მიშველა, არ დამეხმარაო, რაში დაგეხმაროთ, ძმაო?

შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი? თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული საზოგადოებაში ქცევის ეთიკური ნორმები დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას? ვისგან? შეურაცხყოფ საზოგადოებას და შეურაცხყოფილი საზოგადოებისგან ითხოვ პატივისცემას?“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

5 ივლისს, რატი წვერავა და ოპერატორი სუხო ელბაქიძე პარლამენტის წინ მყოფ სასულიერო პირებთან ცდილობდნენ გასაუბრებას, რა დროსაც მათ მოძალადეები გადაეღობნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ფორმულას“ მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ იმ სასულიერო პირებს შორის, რომელთან მიახლოებასაც ჟურნალისტი და ოპერატორი ცდილობდნენ, მიტროპოლიტი იოანეც იყო. რატი წვერავას თქმით, სწორედ მეუფე იოანე იყო ადამიანი, რომელმაც ბიძგი მისცა მასზე განხორციელებულ ძალადობას.

„კიდევ კარგი, რომ ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრები არსებობს და ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ ჩემზე, თორემ დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები სწორედ ამ ვერსიას განავითარებდნენ, რომ თურმე მე მივიყენე დაზიანებები“, – ამბობს ჟურნალისტი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში. 

რატი წვერავამ გუშინ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ 50-ზე მეტი ადამიანის მხრიდან ძალადობისგან მას ორი სასულიერო პირი და პოლიციელი იცავდა, რომლებიც მასზე იყვნენ გადაფარებული.

„ეს ყველაფერი ქაშუეთის დაბლა ხდება, პარლამენტის კიბეებიდან ამ ადგილამდე ყველაზე რთული გზა გამოვიარე, წიხლებით, მუშტებით, ხელკეტებით, ჯოხებით, ყველაფერს მირტყამდნენ რაც ხელში მოხვდებოდათ. სხვადასხვა ჯგუფში წავიკითზე ჩემზე კომენტარი, რატომ არ ამბობს მამაომ რომ დაიცვაო. დამიჯერეთ, 50-ზე მეტი ადამიანი როცა გიმეტებს სასიკვდილოდ, ტკივილის გარდა ვერაფერს გრძნობ“, – წერს რატი წვერავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რატი წვერავაზე ძალადობის ბრალდებით ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ხალხს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. ძალადობის და ოფისის დარბევის ფონზე, „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა. ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება, არამედ ხელი შეუშალა შეკრების უფლებით სარგებლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]