weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ – გომელაური 5 ივლისის მოვლენებზე

18:47 ხუთშაბათი, 08 ივლისი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მისივე თქმით, ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ადგილზე მასიური აგრესია იყო, რაც მანამდე არ მომხდარა.

„არც მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ამ ადამიანებს, ვინც თქვა, თითქოს გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები სცემონ, ეს ხომ იდიოტიზმია, უკაცრავად? არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, სახელი და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი, თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, რომ ასეთი რაღაც გააკეთოს? არ მომხდარა ასეთი რაღაც, რომ ამხელა აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ, ასეთი მასიური, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა. მიუღებელი, საშინელებაა, რა თქმა უნდა, ვგმობ, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა.

მინდა, ხაზი გავუსვა, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. საუბარი, რომ პოლიცია გვერდზე იდგა, არ ინძრეოდა და საერთოდ არ ეხმარებოდნენ... ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს. ფიზიკურად რისი საშუალებაც იყო, მოძალადეებს ვაკავებდით“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, 5 ივლისს გამოყვანილი იყო სპეცდანიშნულების რაზმი და 3200 კაცი მუშაობდა: „თავიდან იყო სამი ლოკაცია, შემდეგ გახდა 8, ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 3200 კაცი რომ გაანაწილო 20 ლოკაციაზე, დაახლოებით 150 ადამიანი გამოვა ერთ ლოკაციაზე. რისი საშუალებაც იყო, მთელი თბილისის მასშტაბით გაშლილი იყო 3200 კაცი. გაეროს ოფისთანაც იყვნენ“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის ფაქტი სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენლის მიმართ გამოვლინდა. 

ამ დროისთვის, 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნასა და ჯგუფურ ძალადობის ფაქტებზე , პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, მათგან სამს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანარჩენების სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]