weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა

10:49 კვირა, 11 ივლისი 2021

ტვ „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში გამართულ აქციაზე სასტიკად სცემეს და სხეულის დაზიანებები მიაყენეს, დღეს, დილით საკუთარ სახლში მშობლებმა გარდაცვლილი ნახეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

„გამთენიისას, დავაფარებ მეთქი. ძაღლი ჰყავდა გვერდში. გადმოვატრიალე და ჩემი შვილი გალურჯებული, გაციებული დამხვდა. აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, არასდროს არაფერი პრობლემა არ ჰქონია და რა უქნეს“, - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, ძალადობრივი აქციის გასაშუქებლად, ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად მუშაობდა.

„პირველად როცა შემოიჭრნენ, გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო. ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო, ვიყავით ჩაკეტილები მე და ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი. დაუცველი იყო ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ“, - იხსენებს მირანდა ბაღათურია.

ტვ „პირველის“ ოპერატორის და ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ივლისს ორი პირი დააკავა - 1983 წელს დაბადებული აკაკი ნაკაშიძე და 1999 წელს დაბადებული თორნიკე დავლაშერიძე. პროკურატურის ბრალდების თანახმად, ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე, ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი, შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა. ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. აღკვეთის ღონისძიების სახით ნაკაშიძეს და დავლაშერიძეს პატიმრობა შეეფარდათ.

„ეს ყველაფერი სრული სიბნელე, სიველურე და სირცხვილია. აი, ეს არის იმ ქმედებების შეფასება, რაც იქ ხდებოდა. გადაწყვეტილებას ვიღებ საქართველოს სახელით. თქვენი ქმედებები არის უაღრესად საფრთხის შემცველი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მაღალი საფრთხე და რისკია ახალი დანაშაულის ჩადენის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს და პროკურატურის შუამდგომლობას ვაკმაყოფილებ“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს. ეს მუხლის სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5-6 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ერთობლივად ინიცირებულ და ორგანიზებულ ძალადობრივ აქციაზე, რომლის მიზანიც, როგორც აცხადებდნენ "თბილისი პრაიდის" ღირსების მარშის ჩაშლა იყო, აგრესიის მსხვერპლი გახდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. ბევრ მათგანს სცემეს, რამდენიმეს ოპერაციაც დასჭირდა, ტექნიკა დაუმტვრიეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე მთელი დღის განმავლობაში ორგანიზებულად ძალადობდნენ, პოლიციას იმ დღეს არავინ დაუკავებია. მოძალადეების დაკავება მხოლოდ მომდევნო დღეებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მედიაზე უპრეცედენტო ძალადობას მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი მწუხარებას გამოთქვამს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს. 

 

ამ თემაზე:

ფონიჭალაში ორჯერ იყვნენ ჩასულები, განიხილება ზედოზირების ვერსიაც - შსს ოპერატორის დაღუპვაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]