weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყარს საპატრიარქო. ჩამქოლეთ, მომისიეთ ეს ხალხი – მეუფე იაკობს ქადაგება შეაწყვეტინეს

15:41 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ქადაგებდა, სიტყვა მრევლის წევრმა შეაწყვეტინა და ჰკითხა, სად იყო იმ დღეს საპატრიარქო, რატომ მოუწოდებდნენ ხალხს ძალადობისკენ მღვდლები და რას ერჩოდნენ ჟურნალისტებს.

მანამდე, ქადაგებისას, მეუფე იაკობმა ჟურნალისტები დაადანაშაულა „ზიზღის პროპაგანდაში“ და პოლიტიკოსები გააკრიტიკა ლგბტ თემის დაცვისთვის: „ამდენი ჟურნალისტი რომ გაილახა, სად იყავით? ნიანგის ცრემლებით რომ გამოდიხართ და ტირიხართ“

„თქვენ სად იყავით, თქვენ? ასეთი ქადაგებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ? ასეთი ქადაგებით შეიძლება თავისუფლება მოვიპოვოთ, დემოკრატია მოვიპოვოთ? თქვენ სად იყავით, თქვენ? კარგად მოიქცნენ საპატრიარქოს წევრები? მემგონი, ეს არ არის ქადაგება. ეს ერის უკან სვლა, მეტი არაფერი. კი, მოდით, ჩამქოლეთ ახლა ყველამ. ჩამქოლეთ, მომისიეთ ეს ხალხი.

სად იყო საპატრიარქოს ხალხი? თქვენ თვითონ სად იყავით? რა გინდათ ჟურნალისტებისგან? რა გინდათ ამ ადამიანებისგან?

ეს არ არის სიყვარულისკენ სწრაფვა, ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა, ეს არ არის, რაც აქ ხდება, თუნდაც ამ სოფელში, რომ სოფელი აღარ არის. ყველაფრის მიწასთან გასწორებაა, მეტი არაფერი. ეს არის ბიზნესი, ეს არის ადამიანების სულის ჩახშობა. მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ.

სად იყო საპატრიარქო? რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები? რატომ? რისთვის? თქვენ ხედავთ იმ კადრებში რა ხდება. მოდით და ჩამქოლეთ ახლა.

მე თვითონაც ჟურნალისტი ვარ, ვარ „ბოდბის სამრეკლოს“ რედაქტორი. გაუსაძლისი გახდა ამ სოფელში ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი მიწასთან გაასწორეს, რისი გულისთვის? წაართვეს ხალხს ჰექტრობით მიწები, ასეთი ბიზნესი… რა ხდება?! თქვენი სოფელი აქ არ არის, თქვენი ქალაქი აქ არ არის. იქ არის თქვენი სოფელი, იქ უნდა იბრძოდეთ, რომ იქ დაიმკვიდროთ სასუფეველში ქალაქებიც, სოფლებიც. მე ვერ ვხედავ აქ ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

დაწერეს, დიახ, მართლა ყარს საპატრიარქო. ყარს და თქვენ არ გინდათ, რომ გათავისუფლდეს ამ სუნისგან? არ გინდათ?“.

საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის მოწოდებით, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს საჯაროდ მოუწოდა ძალადობისკენ: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვისს“.

ძალადობრივი აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ერთ-ერთი მათგანი, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე აფხაზავა, რომელსაც ფიზიკურად მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 30-მდე ადამიანი გაუსწორდა, 11 ივლისს, დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ორგანიზებით, თბილისში პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ნაწილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისს, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 თანამშრომლის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები. სამინისტრო აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, სულ 20 პირია დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]