weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე შეიწყალა

17:48 ოთხშაბათი, 14 ივლისი 2021

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე შეიწყალა. ე.წ. პრეზიდენტის განკარგულება დღეს საჯაროდ გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 1987 წელს დაბადებული ზაზა მიხეილის ძე გახელაძე, რომელიც 2021 წლის 5 თებერვალს დამნაშავედ იქნა ცნობილი, სასჯელისგან გათავისუფლებულია.

34 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გახელაძის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები თითქმის ერთი წელი უშედეგოდ ითხოვდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მაისში, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ უკანონო პატიმარი ცხინვალის ციხეს თვის ბოლომდე დატოვებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ზაზა გახელაძის გათავისუფლების გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა 15 ივნისს ერგნეთში გამართული შეხვედრაც, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდიც ესწრებოდა. 23 ივნისიდან გახელაძეები საპროტესტო აქციების გამართვას აპირებდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც 22 ივნისს მათ საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც აცნობეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ზაზას გასათავისუფლებლად რუსეთის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისთვის პატრიარქ კირილეს მიმართა. გახელაძეებმა გადაწყვიტეს, რომ ილია მეორის წერილზე პასუხს დალოდებოდნენ.

ამ დრომდე ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაშია 53 წლის გენადი ბესტაევი, რომელსაც სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]