weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დეკანოზი, რომელმაც 5 ივლისს ხალხს ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციაში იმყოფება

15:32 პარასკევი, 16 ივლისი 2021

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც 5 ივლისს, ღირსების მარშის წინააღმდეგ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

„არანაირი ძალადობისკენ მოწოდება არ იყო. მოხდა ფაბრიკაცია თქვენს მიერ. ამოღებული იქნა სიტყვა მხოლოდ „ძალადობა“. ათწუთიანი გამოსვლა იყო იქ და იმ ათწუთიან გამოსვლაში არ იყო არცერთი მოწოდება ჟურნალისტების ცემისკენ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან დეკანოზის ადვოკატმა გამოკითხვის დაწყებამდე.

თავად დეკანოზს კომენტარი არ გაუკეთებია.

„არა ძალადობას“ კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის“, – მოუწოდებდა შეკრებილებს დეკანოზი.

უცნობია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის კოდექსით, ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება დანაშაულია.

რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პოზიციას, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სასულიერო პირი საპატრიარქოში იყო დაბარებული, სადაც სასტიკი საყვედური გამოუცხადეს.

„საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 5 ივლისს მოვლენებთან დაკავშირებით 23 პირია დაკავებული, მათგან 19 – ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]