weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საჯარო მოხელე აცხადებს, რომ რუსთავის მერიიდან „ოცნების“ დეპუტატის დავალებით გაათავისუფლეს

15:23 ორშაბათი, 19 ივლისი 2021
ფოტოზე - ნინო ქვირია და ნინო ლაცაბიძე ფოტოზე - ნინო ქვირია და ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო ქვირია აცხადებს, რომ თანამდებობიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ქვირია დევნაში პარლამენტის წევრს, ქართული ოცნებიდან რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძეს და რუსთავის მერს, ირაკლი ტაბღუას ადანაშაულებს.

ნინო ქვირია აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, მას მიზანმიმართულად დევნიდნენ და ხელოვნურად შეუქმნეს გათავისუფლების საფუძველი. ის თანამდებობიდან 16 ივლისს, მერის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.

ნინო ქვირიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იგი პირადად დაიბარა ნინო ლაცაბიძემ, როცა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების საკონტაქტო ინფორმაციის და სამსახურში დაცული სხვა ბაზების გადაცემა მოსთხოვა. ქვირიას თქმით, ლაცაბიძემ ასევე მოუწოდა ჩართულიყო მის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში.

„2020 წლის არჩევნების შემდეგომ, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში ქალაქ რუსთავის მერმა ორჯერ დამიბარა და მთხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება დამეწერა. განთავისუფლების განცხადების დაწერაზე უარის თქმის შემდეგ, ჩემს მიმართ დაიწყეს სხვადასხვა საფუძვლით დისციპლინური წარმოება სამსახურეობრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის გამო.

ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩემს მიმართ დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ხორციელდება, რომელიც დაინტერესებულია რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის პოლიტიკურ-საარჩევნო მიზნით გამოყენებაში, რაზეც ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში არ დავთანხმდი, – განაცხადა ნინო ქვირიამ.

მისივე თქმით, მის გათავისუფლებაზე რეაგირებისთვის მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და პროკურატურას, მაგრამ მათგან პასუხი არ მიუღია.

„ჩემს ვალდებულებას პირნათლად ვასრულებდი. მხოლოდ მადლიერება და პატივიცემა მიმიღია როგორც ხელმძღვანელობის მხრიდან, ისე მოქალაქეებისგან. ახლა კი, რადგან ნინო ლაცაბიძემ მოისურვა, მისი დავალებით სამსახურიდან გამათავისუფლეს. ჩნდება კითხვა, რა შუაშია მაჟორიტარი დეპუტატი? იმ შუაშია, რომ დღეს ქალაქ რუსთავში დარაჯიც არ ინიშნება და თავისუფლდება მისი ჩარევის გარეშე. ის უხეშად ერევა თვითმმართველობის საქმიანობაში და იმას აკეთებინებს ქალაქის ხელმძღვანელობას, რასაც თავად თვლის საჭიროდ.

მე მინდა შევახსენო ქალბატონ ლაცაბიძეს, რომ ქალაქის გარკვეულმა ნაწილმა ავირჩიეთ საკანონმდებლო ორგანოში, მან თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს პარლამენტში და არა უხეშად ჩაერიოს თვითმმართველობის საქმიანობაში. ვაპირებ სამართლებრივად დავამტკიცო ჩემი სიმართლე, ბრძოლას ვაგრძელებ. ჩემი აზრით, საჯარო მოხელე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი, – აღნიშნა ნინო ქვირიამ.

გათავისუფლებული საჯარო მოხელის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს, რომელიც გეგმავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებას, რათა დადგინდეს ნინო ქვირიას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება.

ნინო ქვირია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. როგორც ის ამბობს, 5 წლის განმავლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

„რეგინფო“ ნინო ქვირიას ბრალდებებთან დაკავშირებით ნინო ლაცაბიძის კომენტარის მისაღებად რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაუკავშირდა. როგორც ბიუროში გვითხრეს, „ამ ეტაპზე, ნინო ლაცაბიძე საჭიროდ არ მიიჩნევს კომენტარის გაკეთებას.

რაც შეეხება რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუამ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ მის კომენტარს  წერილობით გამოგვიგზავნიდა.

„ნინო ქვირიას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა დისციპლინური წარმოების  დასკვნა, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ფაქტებზეა საუბარი.  თითოეულ  დარღვევაზე  შეფარდებული აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. დარღვვევებით მუშაობა ისეთ სამსახურში, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ემსახურება, დაუშვებელია. თითოეულ საკითხს, რაც გახდა სოციალური სამსახურის უფროსის გათავისუფლების მიზეზი,  აქვს თავისი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკითხი, თუ კი ის სადაოა, უნდა გადაწყდეს სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]