weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

16:30 პარასკევი, 23 ივლისი 2021

ეს ფაქტი არ არის სასაცილო. ეს ფაქტი არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ, დიახ, იწყება მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა და როგორც ჩანს, ხელისუფლება ამაში არ იქნება მარტო, განაცხადა ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევასთან დაკავშირებით.

გვარამიამ განცხადება გენერალურ პროკურატურასთან გააკეთა. მისი თქმით, პროკურატურაში თეა წულუკიანის მიერ დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებებს წარადგენენ და რეაგირებას მოითხოვენ.

ჩვენი მიკროფონის წართმევა გუშინ, ორი დანაშაულის შემცველი ძალადობა პირველი ვიცე-პრემიერის წულუკიანის მიერ არის ჟურნალისტებზე თავდასხმის მორიგი ინსპირაცია, ძალადობის მორიგი ტალღის წახალისება ღიად, პირდაპირ და აბსოლუტურად ცინიკურად.

ოთხივე მიკროფონი მიჭირავს, იმიტომ, რომ ჩვენი მიკროფონის წართმევა იყო სრულიად პირობითი. მის ნაცვლად შეიძლება ყოფილიყო „ფორმულას“ მიკროფონი, „ტვ პირველის“ მიკროფონი, „კავკასიის“ მიკროფონი. დღეს ჩვენ ვართ შეტევის ქვეშ, განუწყვეტელი შეტევის ქვეშ, 24-საათიანი შეტევის ქვეშ, ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების განმავლობაში მუდმივი ბულინგის, შეურაცხყოფების, ფიზიკური დაპირისპირებების ქვეშ. ქალბატონი წულუკიანი არის ამისი ერთ-ერთი მთავარი სახე, ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოძალადე, ამ ქვეყნის მთავარი ჯალათი. ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით, ერთი მხრივ, ჩაიდინა ძარცვა და მეორე მხრივ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ ხელისუფლებას მიმართა, „გონს მოეგოს და ძალადობრივი კამპანია შეწყვიტოს“. გარდა ამისა, მან მოითხოვა, რომ „მთავარ არხს“ ჩამორთმეული ტექნიკა დღესვე დაუბრუნდეს.

„დღეს მივმართვათ საქართველოს პროკურატურას და ასევე მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნეს დაბრუნებული ჩვენი ტექნიკა ან მიეცეს ქალბატონი წულუკიანი პასუხისგებაში დაუყოვნებლივ. ნებისმიერ შემთხვევაში მისი დანაშაული უკვე ჩადენილია და დასრულებული ფორმის არის და მას ეს პასუხისმგებლობა მოუწევს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ტექნიკა გვჭირდება დღეს და აქ“, – აღნიშნა გვარამიამ.

ამ თემაზე: მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, როცა 3 ოქტომბერს ჩაიყრებიან იქ, სადაც მათი ადგილია – წულუკიანი

კულტურის მინისტრმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი გუშინ წაართვა და მას დამამცირებლად მიმართა.

„ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას. წადი, ვსიო! წადი, დაიკარგე აქედან, ბიჭოს!“, – უთხრა მინისტრმა ჟურნალისტს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ემა გოგოხიამ მინისტრს კითხვა პარლამენტში, 18 ივლისს, „ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის მიერ, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ტრიბუნიდან ოპოზიციონერი დეპუტატის თინა ბოკუჩავას გაყვანაზე დაუსვა, რამაც წულუკიანი გააღიზიანა და მას მიკროფონი წაართვა. გოგოხია ამბობს, რომ კითხვის დასმა და მიკროფონის დაბრუნება სცადა, თუმცა მინისტრი „ხუმრობაზე“ გადავიდა, რის შემდეგაც გადამღები ჯგუფი მისმა დაცვამ გარეთ გაიყვანა.

ჟურნალისტმა მომხდარის გამო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, როგორც ის ამბობს, სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]