weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს – გაბუნია მასწავლებლების აცრაზე

23:47 ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ნაადრევია იმაზე საუბარი, სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება თუ არა. როგორც გაბუნია ამბობს, წინ სამი კვირაა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს აქტიური ვაქცინაციისთვის.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სამი კვირის მანძილზე შესაძლებელი იქნება განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიური ვაქცინაცია და ამაზე, იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში. სპეციალური, გამოყოფილი სივრცეები არის საგანმანათლებლო სისტემის პედაგოგიური პერსონალისთვის, ასევე, სხვა პირებისთვის. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედ მასიური ვაქცინაციის ცენტრში დღეს პირველი ჯგუფი აიცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. იგივე მოხდება ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სექტორს, თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის. შემდეგ, ყველაფერი სხვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი“, – თქვა თამარ გაბუნიამ.

შეკითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, რომ სკოლის და უნივერსიტეტების თანამშრომლებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს, მინისტრის მოადგილემ განაცხადა:

„ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს. ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. დღეს, ამ ეტაპზე, განიხილება მხოლოდ გადაწყვეტილების საფუძველზე, პირის საკუთარი არჩევანით და ნებით ვაქცინაცია.

რა თქმა უნდა, მე წარმოდგენილი მაქვს, რომ ყველას ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს. შესაძლოა, მეტი საგანმანათლებლო მუშაობა იყოს საჭირო, თუ რაღაც შემთხვევაში უბრალოდ ადამიანი გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვაქცინაციაში ჩართვისთვის“.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 41 885 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 38 ადამიანი.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 37 108 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6219 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, 28 446 სახლში, 2443 კი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.

რაც შეეხება, ვაქცინაციის პროცესს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღემდე საქართველოში ჯამურად 564 691 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]