weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ადვოკატებმა ზვიადაურისა და ჯანგირაშვილის დაპატიმრება სააპელაციოში გაასაჩივრეს

17:45 პარასკევი, 20 აგვისტო 2021

წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის დაპატიმრების შესახებ თელავის სასამართლოს განჩინება, ბრალდებულების ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ერთ-ერთი ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მოსამართლე თამარ კაპანაძის განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. ზვიადაურსა და ჯანგირაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 18 აგვისტოს შეეფარდათ.

„ვითხოვთ, რომ ბრალდებულების მიმართ არცერთი სახის აღკვეთის ღიონისძიება არ იყოს გამოყენებული, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, გამოყენებული იქნეს თავდებობა. ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ

თავდებ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზრდება და ისეთი პირები იქნებიან თავდებობაში, რომ მას [სასამართლოს] აღარ ექნება უფლება, უარი თქვას“, - განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ზვიადაურის ქმედება აუცილებელი მოგერიების კლასიკური მაგალითია და ასეთ ვითარებაში, მისთვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენა „კანონით ძალადობაა“.

„ზვიად ზვიადაური შეუიარაღებელი იყო. შეუიარაღებელი იყო თითქმის ყველა იქ მისული. მხოლოდ ვასილ ცოცხალაშვილს ეჭირა იარაღი.

მოწმეებიც მიუთითებენ, რომ ცოცხალაშვილი მეორე მხარის მიმართულებით სროლას არ ახორციელებდა. ის ჰაერში ისროდა და 4 თუ 5 ტყვია ჰქონდა. რომ დაასრულა გამაფრთხილებელი გასროლა, კენჭოშვილი იწყებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ დამიზნებით ხალხისკენ სროლას.

კენჭოშვილმა მოკლა ორი და დაჭრა ორი ადამიანი. კიდევ ბევრს მოკლავდა და დაჭრიდა (30 ტყვია ჩადის ავტომატში), რომ არ ყოფილიყო ზურაბ ზვიადაური. სასამართლოს ჩვენ ეს დავუსაბუთეთ, მაგრამ მან გვერდი აუარა დასაბუთებას“, – ამბობს ადვოკატი.

16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად 3 ადამიანი მოკლეს - ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.

საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები - იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. ვახტანგ კვანტალიანი 17:00 საათისთვის დაიბარეს ჩხუბის მიზეზის გასარკვევად. დათქმულ დროს მითითებულ ადგილზე მივიდნენ ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები, ასევე, ზვიად ზვიადაურის ძმა ზურაბ ზვიადაური. ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ.

მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზურაბ ზვიადაურმა ზვიად ზვიადაური და ვასილ ცოცხალაშვილი თელავის რეფერალურ ჰისპიტალში გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანისას ორივე გარდაცვლილი იყო. კლინიკაში შეიყვანეს ნიკა კენჭოშვილიც, ისიც დაღუპული იყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამავე საქმეზე დაკავებულია ზვიადაურების მეგობარი და ახლობელი ჯაბა ჯანგირაშვილი, ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური, მსოფლო ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. ადვოკატმა განაცხადა, რომ თავდებობის მზაობა ჰქონდათ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს და ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]