weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

შეიძლება ადამიანი მოკვდეს იმის გამო, რომ დაუჯეროს სასულიერო პირებს და არ აიცრას – მეუფე საბა

15:46 შაბათი, 21 აგვისტო 2021

„მე მეკითხებიან, „ავიცრა თუ არა?“, „რომელი ვაქცინა არის უკეთესი?“. თავიდანვე ვეუბნები: როდესაც მე, სასულიერო პირს მისვამთ ამ შეკითხვას, უკვე მცდარ გზაზე დგახართ. აცრა არის არა რელიგიური საკითხი, არამედ სამედიცინო და თუ დღეს, მსოფლიოში, მედიცინის მუშაკები მოგვიწოდებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება აცრაა, მაშინ უნდა ვუსმინოთ მათ სიტყვას, თუ გვინდა რომ გადავარჩინოთ ჩვენი ხორციელი სიცოცხლე“, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ (ინწკირველი) განაცხადა.

მეუფე საბას თქმით, არიან სასულიერო პირები, რომლებიც ვაქცინას გაინიხილავენ როგორც რელიგიურ საკითხს და „მასში ეძებენ ანტიქრისტეს, ეძებენ სულიერების საწინააღმდეგოს და ისეთ რაღაცებს, რასაც ვაქცინასთან საერთოდ არ აქვს კავშირი“. მეუფემ აღნიშნა, რომ კორონავირუსი ფიზიკური დაავადებაა და არა სულიერი.

„ეს არ უნდა განვიხილოთ როგორ საღვთისმეტყველო საკითხი, ეს არის სამედიცინო საკითხი. სამწუხაროდ, არის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ვირუსის დემონიზებას ახდენს და მათი სიტყვით შეიძლება ადამიანები მოკვდნენ. მოკვდნენ იმის გამო, რომ დაუჯერონ მათ სიტყვას, არ აიცრან და გახდნენ ამ საზარელი ვირუსის მსხვერპლი ხორციელად.

მთელი სამედიცინო სპექტრი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეთანხმებულია, რომ დღევანდელ დღეს აცრა აუცილებელია, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე.

ორი წლის წინ, როდესაც გამოჩნდა ეს ვირუსი, ჩვენ ვლოცულობდით, დამდგარიყო ის დღე, რომ ღმერთს ჩვენთვის ეჩუქებინა მედიკამენტი აცრის სახით, რომელიც დაგვიცავდა ამ საძაგელი ვირუსისგან, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ხშირად ისმება კითხვა – რატომ ავიცრა, თუ მაინც მემართება კოვიდი? იქნებ ეს შეკითხვა ექიმებს დაუსვათ და ისინი უკეთ აგიხსნიან, მაგრამ მე რაც ვიცი, გეტყვით: ავიცრათ იმისთვის, რომ აცრის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი ქმნის იმუნიტეტს კოვიდის ადვილად გადასატანად. შეიძლება შეგვხვდეს კოვიდინფექცია, მაგრამ ადვილად გადავიტანოთ. ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ამიტომ ჩვენ ყური უნდა ვუგდოთ ექიმებს, რომელთა შრომა, რასაც ამ ორი წლის მანძილზე აკეთებენ, შეუფასებელია.

გადახედეთ სტატისტიკას, ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოში რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და იკითხეთ, თუ არის ისეთი ადამიანი, ვისაც ორმაგი აცრა ჰქონდა გაკეთებული“,განაცხადა მეუფე საბამ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 74 ადამიანი კი გარდაიცვალა. მიმდინარე კვირაში დინამიკა ასეთია:

  • 20 აგვისტო (პარასკევი) – დაინფიცირდა 4743, გარდაიცვალა 59 ადამიანი
  • 19 აგვისტო (ხუთშაბათი) – დაინფიცირდა 4921, გარდაიცვალა 58 ადამიანი
  • 18 აგვისტო (ოთხშაბთი) – დაინფიცირდა 5914, გარდაიცვალა 49 ადამიანი
  • 17 აგვისტო (სამშაბათი) – დაინფიცირდა 6208, გარდაიცვალა 47 ადამიანი
  • 16 აგვისტო (ორშაბათი) – დაინფიცირდა 2676, გარდაიცვალა 30 ადამიანი

დღეს ქვეყანაში 61 236 კოვიდინფიცირებულია, რომელთაგან 7273 საავადმყოფოში მკურნალობს. რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 9.7%-ია სრულად, ორივე დოზით აცრილი.

 

ამ თემაზე:

ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს – ეპისკოპოსი მელქისედეკი „პფაიზერით“ აიცრა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]