weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვინ არიან პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულები

23:16 ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2021

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, პანკისის ხეობაში, გუშინ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხუთი პირიდან სამი 18 წლის არის, ერთი 19-ის. უსუფ ცათიაშვილი, რომელიც, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ღიად ამბობდა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირია, 38 წლისაა. პროკურატურა აცხადებს, რომ რამაზ ქავთარაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და მაგამედ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში სწორედ უსუფ ცათიაშვილმა გააწევრიანა. ცათიაშვილი და მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის მცხოვრებლები არიან, დანარჩენი სამი ქორეთის.

24 აგვისტოს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ახალგაზრდების დაკავება არჩევნებს დაუკავშირეს დაკავებულების მშობლებმა და სუს-ის მიერ, 3 წლის წინ, სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. „არჩევნების წინ ასე ხდება ხოლმე. აკავებენ ადამიანებს და შემდეგ თითო ოჯახს 200-300 ხმის მოგროვებას ავალებენ“, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

„ამ ბავშვებს თუ არ გამოუშვებენ, როგორც მაჩალიკაშვილის უდანაშაულო ბავშვი მოკლეს და ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა ამათია, ასე არ იქნება. მე მგონი დაავიწყდათ ჰესზე რაც მოხდა. მთელი ხეობა გამოვა. უკვე ისე შეეჩვივნენ ესენი ჩვენი ხალხის აქედან გაყვანას, რომ ძალიან ზედმეტი მოსდით. ასე მგონია, რომ არჩევნებს უკავშირდება“, - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის მშობელმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დღეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალის ნაწილი გაავრცელა. სუს-ის მტკიცებით, დგინდება რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან.

„ერთგულებას ვპირდებით მორწმუნე ამირს და მუსლიმ ხალიფას - შეიხ აბუ იბრაჰიმ ალ ჰაშიმი ალ ყურეიშის. მოსმენითა და ნებით, როცა გვესმის და გვეცხადება ურწმუნოება, ჩვენ ვიღებთ მტკიცებულებას ღვთისგან. ღმერთია მოწამე იმისა, რაც ითქვა. ალაჰი უდიდესია“, 

სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ამ ფიცს 19 წლის რამაზ ქავთარაშვილი არაბულად წარმოთქვამს. დაკავებულის მამა ალი ქავთარაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა არაბული არ იცის:

„სირიაში გადასვლა თუ უნდოდათ, ჩემი შვილი რამაზი, ჰამზათი და მეორე რამაზი 2-3 თვის წინ თურქეთში იყვნენ სამუშაოდ. სამივე სოფელ ქორეთის მკვიდრია, მეზობლები ვართ. აქედან, პანკისიდან ბევრი დადის თურქეთში ჩაის ან თხილის საკრეფად, რადგან აქ სამუშაო არ არის და შემოსავალი არ გვაქვს. იქიდანვე გადავიდოდნენ. სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და გადმოკვეთეს უპრობლემოდ“.

სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში მაგამედ მაჩალიკაშვილი, რამაზ ქავთარაშვილი და უსუფ ცათიაშვილი საუბრობენ. მათ შორის, ერთ მონაკვეთში უსუფ ცათიაშვილი კორპუსის აფეთქებაზე ლაპარაკობს. ასევე, ახსენებს ბირკიანელ მევლოს, რომელიც მისი ინფორმაციით, სირიის ქალაქ იდლიბშია და მათ დახმარებაზე უარს არ ეტყვით.

მაგამედ მაჩალიკაშვილი - ეგ არის პრობლემა, იდლიბიდან აბდულა თავის თავზე იღებს, იმიტომ რომ მუჯაჰიდების გადაყვანაში იღებდა მონაწილეობას. იდლიბიდან ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერსო, ისეთი ძმები არიან, ვისი ნდობაც შეიძლებაო. იდლიბიდან წაყვანას ჩემს თავზე ვიღებო, ასე მეუბნება. მთავარია იქამდე შევიდეთ. არ გვეჩქარება, სანამ კარგად არ დავალაგებთ ყველაფერს. ასეთი გიჟიც არ არის ეს.

მაგამედ მაჩალიკაშვილი - ვააჰიდ, თურქეთში რომ შევალთ, იქიდან რომ იდლიბამდე წაგვიყვანონ, ვინმეს იცნობ? ვინც დაგვეხმარება იდლიბამდე მისვლაში, იქიდან რამეს ვიზამდით. იქ კი დაგვხვდებონენ, ნაცნობები გვყავს. ღმერთის ნებით, ვინმე მოგვიძებნე, რომ იქამდე მიგვიყვანოს. სანამ იქ შევალთ, მანამდე რომ დაგვხმარებოდა.

რამაზ ქავთარაშვილი - უკან დასაბრუნებლად არ ვართ ჩვენ წამოსული აქეთ. სულ რომ არაფერი საზღვარზე მივალთ და იქ ვიომებთ, ღმერთის ნებით.

უსუფ ცათიაშვილი - გამარჯობა, მევლო რომ არის ბირკიანიდან, ეგ არის იდლიბში. ისიც ცოტას მხარს დაგვიჭერს, მგონია. დაჭერილი ჰყავდათ, ვითომ ისლამურ სახელმწიფოსთან იყო. ეს ლოვასთან არის. მაგასთან იყო და ეხლა ღმერთმა იცის სად არის. ეხლა ვნახე ონლაინ და მე თვითონ დაველაპარაკებოდი მას, ჩვენიანებს ბევრჯერ დახმარებია.

უსუფ ცათიაშვილი - მე საერთოდ არ ვიცი, მოკლედ, ძმაო. მე მას ვუთხარი, მოკლედ, თუ შენ გაქვს რაიმე, რაიმე გეგმა, ნორმალურად დაფიქრდი, ჩამოდი.

მანდ ბინის აღება, აღება. გაუშვი მანდ გაზი და ყველანი. მოკლედ, იქ, სიმართლე გითხრა, ერთ ძმაზე ასევე გაკეთება ნებისმიერ დროს  საქმე უშვებს გაზს და აკეთებს, ისკრა... მორჩა, ყველაფერი გამოდის იქ. აფეთქება იქნება დიდი და კორპუსი მეტი აღარ იქნება.

მოკლედ, არ ვიცი მე როგორი... (პაუზა), რა აქვს მას თავში, სიმართლე გითხრა.

უსუფ ცათიაშვილი - ღმერთის ნებით, ძმაო, ღმერთის ნებით. მე ველაპარაკე ამ ძმებს მოკლედ, აბუ ან ბანის. მან მითხრა მე, მოკლედ, დღეს საღამოს ამ ძმებს ისინი წაიყვანენ, მუჰამადს, ანასის სხვა ბევრს ასევე, ღმერთის ნებით. ღმერთის ნებით, ძმაო, ღმერთის ნებით. ღმერთის ნებით, ძმაო, მეც მალე ჩამოვალ. თუ მე ჩამოვალ, დუა გააკეთე (ანუ ილოცე), ჩვენი მდგომარეობა იქნება ძალიან კარგი, ღმერთის ნებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას. ამ ნაწილში ნაჩვენებია სავარაუდოდ ბათუმსა და პანკისში გადაღებული ფოტომასალა, სადაც სუს-ის მტკიცებით, აღნიშნული პირები ისლამური სახელმწიფოს დროშებით არიან და ქუჩაში ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკიანი ტანსაცმლით გადაადგილდებიან.

სუს-ის ინფორმაციით, ზემოხსენებული პირები პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

პროკურატურამ მაგამედ მაჩალიკაშვილს, რამაქ ქავთარაშვილს, ჰამზათ ბაღაკაშვილსა და რამაზ მარგოშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  უსუფ ცათიაშვილს ბრალ 328-ე მუხლით  (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარუდგინეს, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გენერალური პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურატურის შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლო 26 აგვისტოს განიხილავს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]