weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას სასამართლოში მოითხოვენ

12:59 ხუთშაბათი, 16 სექტემბერი 2021

ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ“ 2020 წლის 22 აპრილს გასცა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, სააგენტომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნები და სამშენებლო ნებართვა შესაბამისი დასაბუთების გარეშე საგამონაკლისო წესით გასცა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნებართვის გაცემის მომენტში ინვესტორ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ სააგენტოში წარდგენილი არ ჰქონდა სავალდებულო სამშენებლო დოკუმენტაცია, სათანადო კვლევები და საექსპერტო დასკვნები.

„შეიძლება ითქვას, რომ რისკის მომეტებული ფაქტორის მქონე ქვემო ნამახვანი ჰესზე, რომელიც, მათ შორის, 100 მეტრზე მეტი სიმაღლის კაშხალს მოიცავს, სახელმწიფომ მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა ადგილობრივი გეოლოგიური გარემოს სრულყოფილი გამოკვლევის, შესწავლისა და მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარი იდენტიფიცირების გარეშე დაუშვა. აღნიშნულით კი პირდაპირი ფიზიკური საფრთხის წინაშე არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ მთლიანად რიონის ხეობაც დააყენა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ნებართვის საგამონაკლისო წესით გაცემის პროცესში დაირღვა საკანონმდებლო მოთხოვნები და პროცედურები.

„სამწუხაროდ, სააგენტომ სრულიად უსაფუძვლოდ, თავადვე შესთავაზა „ენკას“ მშენებლობის ნებართვის საგამონაკლისო წესით გაცემა, მაშინ როდესაც კანონი ნებართვის მაძიებელს ავალდებულებს საგამონაკლისო წესის გამოყენების თხოვნით და დასაბუთებული შუამდგომლობით თავად მიმართოს სააგენტოს. ამ ქმედებით სააგენტომ აშკარად გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას და საკანონმდებლო სამშენებლო სტანდარტების დარღვევით მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა ობიექტის მშენებლობის უსაფრთხოებას. სააგენტომ არც მშენებლობის ნებართვის საგამონაკლისო წესით გაცემის მომენტში შეასრულა საკუთარი ვალდებულება და რისკის მომეტებული ფაქტორის მქონე ობიექტზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე ნებართვის გაცემა არცერთი სამართლებრივი არგუმენტითა და ფაქტობრივი გარემოებით არ დაასაბუთა.

საგულისხმოა, რომ მშენებლობის ნებართვა კონკრეტული პირობებით გაიცა, კერძოდ, „ენკას“ სრული სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 2021 წლის აპრილი განესაზღვრა და იქამდე ძირითადი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა შეეზღუდა. თუმცა, მალევე სახელმწიფომ „ენკას“ არაერთი დამატებითი შეღავათი გაუკეთა. 2020 წლის სექტემბერში „ენკას“ ჰესის ნაგებობის ცალკეული ობიექტებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, მათი მშენებლობის დაწყების უფლება მიეცა, რითაც სამშენებლო სამართლის სტანდარტები კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად დაირღვა, რადგან მშენებლობის პროცესის მსგავსი სახით დანაწევრება მისი საერთო ზეგავლენისა და ფაქტობრივად მიმდინარე სამუშაოების შეფასებას უკიდურესად ართულებს. თუმცა, „ენკასთვის“ დამატებითი შეღავათი ამით არ ამოიწურა. 2021 წლის მარტში, სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა „ენკას“ დამატებით ერთი წლით, 2022 წლის თებერვლამდე გაუხანგრძლივდა.

სახელმწიფოსათვის დღემდე უცნობია ნამახვანი ჰესის ზუსტი და კონკრეტული მახასიათებლები, მისი ზეგავლენის მასშტაბი და მოსალოდნელი რისკები.

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გახანგრძლივების პირობებში კი ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ უფრო სახიფათო ტენდენციას ქმნის.

ამასთან, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“ ერთადერთი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც მგავსი ტიპის მშენებლობის ინსპექტირების უფლებამოსილება გააჩნია. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გათვალისწინებით, სააგენტომ ნამახვანი ჰესის ინსპექტირება 2020 და 2021 წლებში ოთხჯერ მოახდინა, თუმცა ინსპექტირება ყოველგვარი წერილობითი დოკუმენტაციის გარეშე სრულდება. როგორც აღმოჩნდა, სააგენტო მშენებარე ობიექტების ფოტოსურათებს იღებს, ხოლო ნებართვის პირობების შესრულება/შეუსრულებლობის საკითხზე არ რეაგირებს. არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, სააგენტო აცხადებს, რომ ამ დრომდე ინსპექტირებისას არცერთი დარღვევა არ გამოვლენილა. სახელმწიფო ზედამხედველობის მსგავის მანკიერი პრაქტიკა, ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკიდურესად საფრთხის შემცველად აქცევს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაუსაბუთებელი და უკანონო მშენებლობის ნებართვის გაუქმებას, ხოლო ფიზიკური საფრთხისა და სახელმწიფო ზედამხედველობის არარსებობის პირობებში, მშენებლობის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

 

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომლის ასაშენებლად მთავრობამ ხელშეკრულება შპს „ენკა რინიუებლზთან“ 2019 წლის 25 აპრილს გააფორმა, ორ ჰესს მოიცავს: ზემო ნამახვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამახვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამახვანი ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ზემო ნამახვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვემო ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამახვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ „ენკა რინიუებლზს“ ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე. ხეობის დიდი ნაწილი კომპანიას იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. წელიწადნახევრის წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]